
უკრაინულმა ძალებმა 29 ნოემბრის ღამეს, სავარაუდოდ, რუსეთის სამარის ოლქში მდებარე მსხვილ ნავთობქიმიურ კომბინატ „ტოლიატიკაუჩუკს“ დაარტყეს. ამის შესახებ Astra თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით წერს.
საწარმო, რომელიც კომპანია „ტატნეფტის“ შემადგენლობაში შედის, სხვა პროდუქციასთან ერთად აწარმოებს სინთეზურ კაუჩუკს, რომელიც ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტებისთვის მყარი სარაკეტო საწვავის წარმოებაში გამოიყენება.
საწარმოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მონიტორინგის არხი Supernova+ ასევე ავრცელებს. არხმა Exilenova+ კი გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც თავდასხმის ობიექტის თავზე სქელი კვამლი ჩანს.
სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა რეგიონზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა. მისი განცხადებით, ღამის შეტევის დროს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და რაზმ „ბარს-კრილიას“ მებრძოლებმა 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„მოწინააღმდეგის სამიზნე კვლავ ჩვენი რეგიონის სამრეწველო საწარმოები იყო. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაოები“, - დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“.
„ტოლიატიკაუჩუკზე“, რომელიც ასევე აწარმოებს მონომერებს, ნახშირწყალბადების ფრაქციებსა და საავტომობილო ბენზინის დანამატებს, წინა თავდასხმა 24 ოქტომბერს განხორციელდა.