
იტალიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ჯორჯა მელონის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი, რომელიც სკოლებში სახის დამფარავი სამოსის ტარების აკრძალვას, უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვასა და მათი მშობლებისთვის იტალიური ენის სავალდებულო სწავლებას ითვალისწინებს.
კანონს მხარი 142-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 112-მა მისცა, ხოლო ოთხმა დეპუტატმა თავი შეიკავა.
ახალი კანონის თანახმად, სასკოლო აქტივობების დროს იკრძალება სახის დაფარვა, მათ შორის ბურკისა და ნიქაბის ტარება. წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 200-დან 1000 ევრომდე. თუ დამრღვევი არასრულწლოვანია, ჯარიმა მის მშობლებს დაეკისრებათ.
2027-2028 სასწავლო წლიდან დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების პირველ კლასებში უცხოელი მოსწავლეების გარკვეული კატეგორიის წილი 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დაწყებით საფეხურზე შეზღუდვა შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვებს, რომლებიც იტალიის ფარგლებს გარეთ დაიბადნენ ან იტალიის სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში მინიმუმ ორი წელი არ უსწავლიათ, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე - უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებს, რომლებსაც იტალიის სკოლებში მინიმუმ სამი წელი არ უსწავლიათ. დადგენილი ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებში გადანაწილდებიან.
უცხოელი მშობლებისთვის, რომელთა მიერ იტალიური ენის არასაკმარისი ცოდნა სკოლასთან კომუნიკაციას აფერხებს, ენის კურსებზე დასწრება სავალდებულო გახდება. კურსები უფასო იქნება, თუმცა საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობისთვის მშობლებს 200-დან 1000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრებათ.
იტალიის ხელისუფლება ცვლილებებს უცხოელი მოსწავლეების ინტეგრაციის გაუმჯობესების აუცილებლობით ხსნის, ოპოზიცია კი ახალ რეგულაციებს დისკრიმინაციულად მიიჩნევს.