რეზონანსი
28.11.2026

გერმანიის ბუნდესტაგმა 2027 წლის ფედერალური ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 556 მილიარდი ევროს ხარჯვას ითვალისწინებს, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 6%-ით მეტია.

ძირითადი ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების გათვალისწინებით, გერმანია მომავალ წელს 210,46 მილიარდი ევროს ახალ ვალს აიღებს. ეს ქვეყნის ისტორიაში ახალი ვალის აღების სიდიდით მეორე მაჩვენებელია 2021 წლის შემდეგ, როდესაც პანდემიის ფონზე გერმანიამ 215,4 მილიარდი ევროს ვალი აიღო.

თავდაცვის ხარჯები 28,8%-ით გაიზრდება და 139,4 მილიარდ ევროს მიაღწევს. აქედან 109,7 მილიარდი ევრო თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ბიუჯეტიდან, ხოლო 29,7 მილიარდი ევრო ბუნდესვერის სპეციალური ფონდიდან გამოიყოფა.

უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 11,6 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს დაფინანსება 203,3 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების საერთო მოცულობა 120 მილიარდ ევროს მიაღწევს.

სახელმწიფო ვალის საპროცენტო ხარჯები 30,2 მილიარდი ევროდან 41,4 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, 2030 წლისთვის კი შესაძლოა 81 მილიარდ ევროს მიაღწიოს.

ამასთან, გერმანიის ფინანსთა სამინისტრო 2028 წლის ბიუჯეტში უკვე 25-30 მილიარდი ევროს დაფინანსების დეფიციტს პროგნოზირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×