რეზონანსი
28.11.2026

2026 წლის დასაწყისიდან რუსეთმა თურქეთს 20 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი მიაწოდა, რომლის ძირითად ნაწილს დიზელის საწვავი შეადგენს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

ნოვაკმა აღნიშნული მონაცემები 27 ნოემბერს სტამბოლში, რუსეთ-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-20 სხდომის ფარგლებში გაასაჯაროვა.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა წლის ბოლომდე თურქეთისთვის მიწოდებული ნავთობპროდუქტების საერთო მოცულობის პროგნოზის დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს მიმდინარე ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ამავდროულად, რუსულმა „გაზპრომმა“ და თურქულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია BOTAŞ-მა ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივეს. ახალი შეთანხმების ფარგლებში მიწოდების მოცულობა და პირობები უცვლელი დარჩება.

ასევე, რუსულმა კომპანია „ნოვატეკმა“ თურქეთთან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების კონტრაქტი გააფორმა. მიწოდება 2027 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. თავდაპირველად ექსპორტის მოცულობა მცირე იქნება, თუმცა სამომავლოდ მისი გაზრდა იგეგმება.

ნოვაკის განცხადებით, მიმდინარე წლის დეკემბერში თურქეთში რუსეთის მონაწილეობით მშენებარე „აქქუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის დაწყებაც იგეგმება.

რუსეთმა და თურქეთმა ასევე განიხილეს შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გადაზიდვის უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის საკითხები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×