რეზონანსი
28.11.2026

ხელოვნური ინტელექტის გლობალურმა ბუმმა და სპილენძზე მოთხოვნის ზრდამ იაპონიაში მოულოდნელი პრობლემა წარმოშვა - გახშირდა ისტორიული სინტოისტური და ბუდისტური ტაძრების სახურავებიდან სპილენძის საფარის ქურდობა. ამის გამო ტაძრების ხელმძღვანელობა იძულებულია, მრავალსაუკუნოვან არქიტექტურულ ტრადიციაზე უარი თქვას და სპილენძი უჟანგავი ფოლადით ჩაანაცვლოს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სპილენძის ფასი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ლითონზე მოთხოვნის ზრდას ხელოვნური ინტელექტის სფეროში მასშტაბური ინვესტიციები, მონაცემთა დამუშავების ცენტრების მშენებლობა, ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის გაფართოება და ელექტრომობილების წარმოება განაპირობებს.

2026 წელს კანაგავის პრეფექტურაში მდებარე აზუმას სინტოისტური ტაძრის სახურავიდან დაახლოებით 200 კილოგრამი სპილენძი მოიპარეს. მოპარული 70-მდე სპილენძის ფირფიტის ღირებულება ჯართის მიმდინარე ფასებით დაახლოებით 400 ათას იენს (2 500 დოლარს) შეადგენს.

ტაძრის ისტორიული სპილენძის საფარი, რომელიც 1943 წელს დამონტაჟდა, შედარებით იაფი უჟანგავი ფოლადით ჩაანაცვლეს.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შიძუოკის პრეფექტურაში, სადაც 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ტაძრების სახურავებიდან სპილენძის ქურდობის 54 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც მთელი 2025 წლის განმავლობაში ასეთი 24 შემთხვევა აღირიცხა.

მთლიანობაში, შიძუოკის პრეფექტურაში მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ლითონის ქურდობის 696 შემთხვევა დაფიქსირდა.

იაპონიის ეროვნული პოლიციის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ლითონის ქურდობის შემთხვევების რაოდენობა 2020-2024 წლებში დაახლოებით 5 500-დან 21 ათასამდე გაიზარდა, ანუ თითქმის გაოთხმაგდა.

იაპონიაში სულ მცირე 80 ათასი სინტოისტური სალოცავია. ბევრი მათგანი ტყიან და მთიან რეგიონებში მდებარეობს, სადაც მოსახლეობის შემცირებისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო უსაფრთხოების სათანადო ზომების უზრუნველყოფა რთულია.

შექმნილი ვითარების გამო იაპონიის სინტოისტური სალოცავების ასოციაცია, რომელიც ისტორიულად მკაცრად აკონტროლებდა ტაძრების არქიტექტურული იერსახის ცვლილებას, იძულებული გახდა, სახურავების შესაკეთებლად ალტერნატიული მასალების გამოყენება დაუშვას.

იაპონიის ხელისუფლებამ ლითონის ქურდობასთან ბრძოლის მიზნით კანონმდებლობა გაამკაცრა, ჯართით მოვაჭრეებზე კონტროლი გააძლიერა და ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში პოლიციის პატრულირება გაახშირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×