რეზონანსი
28.11.2026

2027 წლის 3 იანვარს აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა შეეცდება მიიღოს კანონი, რომელიც ჩინეთისა და რუსეთის მიმართ დათმობებისკენ მიდრეკილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტაივანისა და უკრაინის მხარდაჭერას დაავალდებულებს.

„თუ უკრაინის დაფინანსებას კანონპროექტში სხვა საკითხებთან ერთად შევიტანთ, რომლებიც ტრამპს მოსწონს, შესაძლოა, მან გადაწყვიტოს, რომ ამ კანონპროექტს ვეტო არ დაადოს“, - ციტირებს The Washington Post ვირჯინიის შტატის დემოკრატი სენატორის, ტიმ კეინის განცხადებას, რომელიც კანადის ქალაქ ჰალიფაქსში უსაფრთხოების მე-18 საერთაშორისო ფორუმზე გაკეთდა.

კანადაში ვიზიტის მონაწილე კიდევ ერთმა დემოკრატმა სენატორმა, ნიუ-ჯერსის შტატის წარმომადგენელმა ენდი კიმმა აღიარა, რომ შესაძლოა, კონგრესის წევრებმა ვერ შეძლონ ტრამპის ვეტოს დაძლევა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მისი გადაწყვეტილებების შეცვლა.

„თუმცა ჩვენ შეგვიძლია და გაცილებით ხმამაღლა და მტკიცედ განვაცხადებთ კონგრესის სახელით, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მოკავშირეებს უკრაინასა და ტაივანში“, - განაცხადა კიმმა.

ორივე დემოკრატმა სენატორმა აღიარა, რომ ამჟამად ერთადერთი ამერიკული ხმა, რომელიც სხვა ქვეყნებს ესმით, ტრამპის ხმაა.

სენატორები პირობას დებენ, რომ მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას დაუპირისპირდებიან, რომელიც, მათი შეფასებით, კრემლისა და მასთან დაახლოებული რეჟიმების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას, ევროკავშირსა და უკრაინაზე ზეწოლას, ასევე აშშ-ის ფარგლებს გარეთ სამხედრო ძალის თვითნებურ გამოყენებას მოიცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×