
ჩეხეთის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიღებისა და დროებითი დაცვის სტატუსით სარგებლობის პირობების გამკაცრებას ითვალისწინებს.
ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო ČTK-ის ცნობით, პარლამენტს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით 27 ნოემბერს უნდა განეხილა, თუმცა დეპუტატებმა საკითხის განხილვა ვერ მოასწრეს და ის მომდევნო კვირისთვის გადაიდო.
კანონპროექტის თანახმად, ჰუმანიტარული ფულადი დახმარების მისაღებად შრომისუნარიანი უკრაინის მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, იყვნენ დასაქმებული, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას ან რეგისტრირებული იყვნენ დასაქმების სახელმწიფო სამსახურში.
გარდა ამისა, დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობა გახდება ჩეხეთის ტერიტორიაზე ყოველთვიურად სულ მცირე 16 დღის განმავლობაში ყოფნა.
აღნიშნული მოთხოვნები არ გავრცელდება ბავშვებზე, სტუდენტებსა და ხანდაზმულებზე.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დროებითი დაცვის სტატუსის გაუქმებას იმ პირებისთვის, რომლებიც შენგენის ზონის ფარგლებს გარეთ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩებიან. სტატუსის გაუქმების საფუძველი გახდება სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული წესით ქვეყნიდან გაძევებაც.
ამასთან, ჩეხეთის მმართველი კოალიცია 2027 წელს უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე სახელმწიფო ხარჯების 4 მილიარდი კრონით (დაახლოებით 164 მილიონი ევროთი) შემცირებას გეგმავს.
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას განცხადებით, მისი პარტია SPD უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარების სრულად გაუქმებას მოითხოვდა, თუმცა კოალიციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ხარჯების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
ჩეხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად უკრაინელი ლტოლვილების ყოველთვიური ჰუმანიტარული დახმარების საბაზისო ოდენობა შემდეგია:
- ზრდასრული პირებისთვის პირველი ხუთი თვის განმავლობაში - 4 860 კრონა (დაახლოებით 199 ევრო);
- ზრდასრული პირებისთვის მეექვსე თვიდან - 3 130 კრონა (128 ევრო);
- სოციალური თვალსაზრისით მოწყვლადი ზრდასრული პირებისთვის - 4 860 კრონა (199 ევრო);
- ბავშვებისთვის - 3 490 კრონა (143 ევრო);
- 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 4 188 კრონა (172 ევრო).
ჰუმანიტარული დახმარების საბოლოო ოდენობის განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულია საცხოვრებლის ხარჯები, ოჯახის შემოსავლები და დანაზოგები.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლუბომირ მეტნარის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია უსაფრთხოების გაძლიერება და არსებული სისტემის ბოროტად გამოყენების აღკვეთა.
მთავრობის კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ჰუმანიტარული დახმარების მიღების ახალი პირობები 2028 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა დეპუტატების ნაწილი ცვლილებების 2027 წლის 1 ივლისიდან შემოღებას ემხრობა.
28 ნოემბრის მდგომარეობით, კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული არ არის.