რეზონანსი
28.11.2026

გერმანული ავტომობილების მწარმოებელი Mercedes-Benz პერსონალის შემცირებისა და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით თანამშრომელთა სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის პროგრამას აფართოებს. პროგრამის ფარგლებში მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების კომპენსაციამ შესაძლოა რამდენიმე ასეულ ათას ევროს მიაღწიოს.

გერმანული ეკონომიკური გამოცემა Handelsblatt-ის ინფორმაციით, კომპენსაციის მოცულობა თანამშრომლის ასაკზე, სამუშაო სტაჟზე, თანამდებობასა და ყოველთვიურ ანაზღაურებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი პროგრამა 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე იმოქმედებს და გერმანიაში დასაქმებულ 30 ათასზე მეტ თანამშრომელს შეეხება. მათ შორის არიან ინჟინრები, ადმინისტრაციული პერსონალი, განყოფილებების ხელმძღვანელები და სხვადასხვა რგოლის მენეჯერები.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობა კომპანიაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობაა. თანამშრომლები, რომლებიც გადაწყვეტილებას 2027 წლის მარტის ბოლომდე მიიღებენ, დამატებით ფინანსურ პრემიას, ე.წ. Turbo Bonus-ს მიიღებენ.

Handelsblatt-ის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, კომპენსაციის მოცულობა დამატებითი პრემიის ჩათვლით შემდეგნაირად განისაზღვრება:

- 52 წლის ინჟინერი - 339-422 ათასი ევრო;

- 52 წლის ადმინისტრაციული თანამშრომელი - 214-253 ათასი ევრო;

- ახალგაზრდა ინჟინერი, 13-წლიანი სამუშაო სტაჟით - 186-226 ათასი ევრო;

- ახალგაზრდა ადმინისტრაციული თანამშრომელი, 13-წლიანი სტაჟით - 144 ათას ევრომდე;

- 57 წლის ინჟინერი, ვადამდელი პენსიაზე გასვლის შემთხვევაში - 395 ათას ევრომდე.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაღალი რგოლის მენეჯერების შემთხვევაში კომპენსაციამ შესაძლოა 400-500 ათას ევროსაც მიაღწიოს. 

გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თანამშრომლები ხუთი თვის განმავლობაში სამუშაო მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლდებიან, თუმცა ხელფასს სრულად მიიღებენ. თუ ამ პერიოდში მუშაობას გააგრძელებენ, მათი ანაზღაურება სტანდარტული ხელფასის 150%-ს შეადგენს.

რამდენის დაზოგვას გეგმავს Mercedes-Benz?

კომპანიამ პერსონალის შემცირების წინა პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის მარტამდე მოქმედებდა, დაახლოებით 5 500 თანამშრომელი დაკარგა ნებაყოფლობითი წასვლის შედეგად.

2025 წელს Mercedes-Benz-მა კომპენსაციებზე 1,6 მილიარდი ევრო დახარჯა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში - დამატებით 405 მილიონი ევრო.

კომპანიის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული ხარჯები პერსონალის შენახვის ხარჯების შემცირებით დაახლოებით ორ წელიწადში ანაზღაურდება. 

Mercedes-Benz-ის ხარჯების ოპტიმიზაციის გლობალური პროგრამა, სახელწოდებით Next Level Performance, 2027 წლის ბოლომდე 5 მილიარდი ევროს დაზოგვას ითვალისწინებს.

კომპანიის ოფიციალური სტრატეგიის მიხედვით, 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2027 წლისთვის დაგეგმილია მუდმივი ხარჯების 10%-ით, თითოეული ავტომობილის წარმოების ხარჯების 10%-ით, ხოლო მასალების ხარჯების დაახლოებით 8%-ით შემცირება. 

რატომ ამცირებს Mercedes-Benz პერსონალს?

კომპანიის გადაწყვეტილება გაყიდვების შემცირებას, მომგებიანობის გაუარესებასა და ჩინურ ავტომწარმოებლებთან მზარდ კონკურენციას უკავშირდება.

2026 წლის პირველ ცხრა თვეში ჩინეთში Mercedes-Benz-ის ავტომობილების მიწოდება 29%-ით შემცირდა. ჩინეთის ბაზარზე არსებული დანაკარგების კომპენსირება კომპანიამ სხვა რეგიონებში გაყიდვებით ვერ შეძლო.

ნოემბერში Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელობამ გერმანიაში ახალი ინვესტიციების შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო და ზოგიერთი საწარმოს შესაძლო დახურვის საკითხის განხილვა დაიწყო.

ამასთან, კომპანიაში მოქმედებს დასაქმების დაცვის შეთანხმება, რომელიც გერმანიაში თანამშრომლების ეკონომიკური მიზეზებით იძულებით გათავისუფლებას 2034 წლის ბოლომდე გამორიცხავს. სწორედ ამიტომ Mercedes-Benz პერსონალის შემცირებას მსხვილი ფინანსური კომპენსაციების შეთავაზებით ცდილობს. 

ახალ პროგრამაში მონაწილეობა ორივე მხარის თანხმობას ითვალისწინებს. თანამშრომლები არ არიან ვალდებული, კომპანია დატოვონ, ხოლო Mercedes-Benz-ს შეუძლია უარი თქვას იმ თანამშრომლების განცხადებების დაკმაყოფილებაზე, რომელთა შენარჩუნებაც მისთვის მნიშვნელოვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×