
26 ნოემბერს „ბათუმი არენაზე" თურქ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაწყებულმა კონფლიქტმა მყისიერად გადაინაცვლა უმაღლეს სახელისუფლებო და დიპლომატიურ დონეზე. ანკარის რეაქცია მკაცრი აღმოჩნდა. პროცესში ჩაერთნენ თურქეთის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და სპორტის მინისტრები. თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია.
„ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. ჩვენი გულშემატკივრებისადმი ასეთ მოპყრობას ვერ შევეგუებით. ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩვენი გზავნილები გაიგეს... საქართველოს ელჩს შესაბამისი გაფრთხილებები მიეცა", - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა.
პარალელურად, თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა სატელეფონო საუბრები გამართეს ქართველ კოლეგებთან - სულხან თამაზაშვილთან და პაატა სალიასთან, სადაც თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის გამოყენება გააპროტესტეს და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მომხდარს პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, საქართველო დათანხმდა ამ მატჩის ჩატარებას თავის ტერიტორიაზე გულშემატკივრების დასწრებით და ამის საპასუხოდ ზოგიერთი გულშემატკივრის ქცევა გულდასაწყვეტი იყო.
„როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი. საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა პოლიციელს", - განაცხადა კობახიძემ.
ბათუმის ინციდენტზე საქართველოს ხელისუფლების რბილი რიტორიკა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მიიჩნევს, რომ ოფიციალურმა თბილისმა, თურქეთის ზეწოლის ფონზე, სახელმწიფოებრივი სისუსტე გამოავლინა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ანკარის კატეგორიული პოზიცია არაადეკვატურია და „ძლიერი სახელმწიფოს" მხრიდან „სუსტზე" ზეწოლის მცდელობაზე მიუთითებს:
„როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთან შეიძლება ასეთი ტონი დაიკავონ, რადგანაც საქართველო არის შედარებით სუსტი და დაუცველი სახელმწიფო. მიიჩნიეს ვიღაც-ვიღაცებმა ანკარაში - მოდი ახლა ამ პატარა და სუსტ სახელმწიფოს ვასწავლოთ ჭკუა. თითქოს თურქებმა კი არა, ქართველებმა მოაწყვეს ანკარაში ვანდალიზმი, ანუ აქეთ უნდათ გადმოგვაბრალონ, „ჩემი შენ გითხარის" პრინციპით. ეს აბსოლუტურად არანაირ ადეკვატურობის ფარგლებში არ ჯდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძლიერის მიერ საკუთარი ძალის დემონსტრირება მასზე უფრო სუსტზე.
„ის ძალადობა, რაც ამ თურქმა გულშემატკივრებმა ქართველი პოლიციელების მიმართ გამოამჟღავნეს, ეს რომ მათ გაებედათ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, იქაური პოლიცია მათ პირდაპირ ძვლებს დაამტვრევდა, მაგრამ ჩვენთან პოლიციამ შეძლებისდაგვარად მოზომილად იმოქმედა".
ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ მომხდარი გაკვეთილი უნდა იყოს მომავალში მაღალი რისკის მქონე მატჩების მასპინძლობაზე უარის სათქმელად, ხოლო თავად ხელისუფლების მოზომილი პოზიცია მან გონივრულ ნაბიჯად შეაფასა.
„ალბათ, ეს გაკვეთილი იქნება შემდგომში, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ფეხბურთის ფედერაციისთვის, რომ, როდესაც ასეთი სენსიტიური მატჩებია დაგეგმილი, როდესაც მოსალოდნელია დაპირისპირება, შეძლებისდაგვარად თავიდან ავირიდოთ მათი მასპინძლობა. არ გვიღირს ნამდვილად ის ფული და ის რაღაც ჯილდო, რაც შეიძლება მივიღოთ უეფასგან, ამ პრობლემების წარმოშობად.
„ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება, რომ ის მოქმედებს არა ემოციების ზეგავლენით, არამედ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც მას აკისრია. ახლა ეს ამბავი ცოტა ხანს კიდევ იტრიალებს მედია სივრცეში და მერე, ალბათ, ჩაივლის. ის ხისტი განცხადებები კი, რომელიც თეორიულად შეეძლო ხელისუფლებას გაეკეთებინა და იქით დაედანაშაულებინა თურქული მხარე, ეს შეიძლება გარკვეული დროის მანძილზე გაჰყოლოდა და რაღაც თავისი ნეგატიური შედეგებიც გამოეღო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება მოიქცა გონივრულად, რომ აღარ გაამწვავა ეს საკითხი, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში ოქროს შუალედი იპოვა", - აცხადებს ანჯაფარიძე.
- ზაალ ანჯაფარიძე: „წესით, ქართულმა მხარემ უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ეს ცალკეული ხისტი განცხადებები არ ჩამოყალიბდეს რაღაც მეინსტრიმულ ტენდენციად."
მისივე შეფასებით, დაკავებული ქომაგების გათავისუფლებით თბილისმა უკვე მიანიშნა ანკარას, რომ კონფლიქტის ამოწურვა სურს და თუ თურქული მხარეც არ ეცდება ესკალაციას, ინციდენტი ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს. მისივე თქმით, მომხდარმა ინციდენტმა ერთგვარი ბიძგი მისცა თურქეთში არსებულ იმ ცალკეულ წრეებს, რომლებიც აჭარას საკუთარ ტერიტორიად განიხილავენ, რის გამოც თბილისმა საკითხს დიპლომატიური ყურადღება უნდა დაუთმოს.
„რა თქმა უნდა, ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მე ვვარაუდობ, რომ ალბათ შედგება შეხვედრები თურქულ მხარესთან დიპლომატიურ დონეზე (შეიძლება ეს არ იყოს საჯარო და ინფორმაცია საჯაროდ არ გამოვიდეს) და წესით, ქართულმა მხარემ უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ეს ცალკეული ხისტი განცხადებები არ ჩამოყალიბდეს რაღაც მეინსტრიმულ ტენდენციად.
„თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ასეთი ცალკეული განცხადებები და განწყობები, მე ვფიქრობ, რომ მაინც არ მოახდენს გავლენას პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ყურადსაღები ფაქტია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის ძალიან დრამატიზებასაც არ მოვახდენდი. ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ მე საფრთხეს შევაფასებდი, როგორც საშუალო ხარისხისას", - განაცხადა „რეზონანსთან" ანჯაფარიძემ.