თამარ ოყუჯავა
28.11.2026

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერისა და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის, კან კვარჩიას 24 წლის შვილი, ეფრემ კვარჩია, რომელიც სოხუმში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. კვარჩიას ფიგურისა და ავტორიტეტის გამო, მისი ოჯახის გადაწყვეტილება სოხუმში საჯარო პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად იქცა.

შეიარაღებული ინციდენტი 15 ნოემბერს, სოხუმში, ძიგუას ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კან კვარჩიასა და დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნოდიკ კვიწინიას ოჯახების ქონებრივი დავის განხილვისას კვიწინიამ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ეფრემ კვარჩია მძიმედ დაიჭრა. კვიწინია სამართალდამცველებს ჩაბარდა და ჩვენებაში აღნიშნა, რომ მისი სამიზნე თავად კან კვარჩია იყო.

ეფრემ კვარჩიას ჭრილობა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და 27 ნოემბერს ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა „ტელეგრამ" არხმა „ჩპ აბხაზიამ" გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ კან და ეფრემ კვარჩიებზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული. საქმე ეხება 2025 წლის ნოემბერში სოხუმში რუს პოლიტტექნოლოგებზე თავდასხმას, რომელსაც კან კვარჩია ხელმძღვანელობდა და შვილიც თან ახლდა. 15 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, რუსეთის მხარემ ოჯახს პაციენტის რუსეთში გადაყვანა და მკურნალობის შემდეგ სოხუმში უსაფრთხოდ დაბრუნების გარანტიები შესთავაზა, თუმცა კვარჩიებმა მოსკოვზე უარი თქვეს და არჩევანი თბილისზე შეაჩერეს.

„მანამდე რუსეთის ფედერაციამ შესთავაზა დახმარება მისი გადაყვანისა და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების გაწევის კუთხით. რუსი სპეციალისტები დაჭრილის მკურნალობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებშიც მონაწილეობდნენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მისმა ახლობლებმა ეს შეთავაზება უარყვეს", - წერს ტელეგრამ-არხი „ჩპ აბხაზია".

„პროსახელისუფლებო" და პრორუსულ „ტელეგრამ" არხებში მიუთითებენ, რომ როდესაც პოლიტიკოსი, რომელიც საჯაროდ რადიკალური რიტორიკით გამოდის, კრიტიკულ მომენტში დახმარებას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებს, ეს ორმაგი სტანდარტია. უფრო პრაგმატულად განწყობილი მოქალაქეები კი კვარჩიას ოჯახის გადაწყვეტილებას ამართლებენ და პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. მათი თქმით, მოსკოვმა თავად ჩაუკეტა კვარჩიების ოჯახს რუსეთის გზა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებით.

„დაჭრილი ეფრემ კვარჩიას საქართველოში სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებული მინიშნებები ამაზრზენია. სხვა რა უნდა ექნათ პაციენტსა და მის ოჯახს? მას მძიმე დაზიანებები აქვს, ადგილობრივი რესურსები კი არასაკმარისია. ამავდროულად, რუსეთში წასვლა გულაგისკენ მიმავალ ცალმხრივ ბილეთს უტოლდება. ეს გადაწყვეტილება რაციონალური იყო და, არსებულ ვითარებაში, ერთადერთი შესაძლებელიც", - წერს აფხაზური „ტელეგრამ" არხი „აბხაზია-ცენტრ".

ანალიტიკოს მამუკა არეშიძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანტიქართული განწყობების აფხაზები, ან მათი ახლობლები თბილისში სამკურნალოდ ჩამოდიან:

„ვისაც ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით დანაშაული აქვს ჩადენილი, არაერთი ყოფილა აქ სამკურნალოდ. მაგალითად, რუსლან ქიშმარია სამი თვე მკურნალობდა „ნიუ ჰოსპიტალსში". ის იყო გალის გამგებელი და ამასთან, მერაბ ქიშმარიას ძმა. ასევე საველე მეთაურები დელბა და არღუნი და არაერთი სხვა.

„ეფრემის მამა, კან კვარჩია არის უაღრესად ანტიქართული ორიენტაციის პოლიტიკოსი, მაგრამ ასევე უნდა ითქვას ობიექტურობისთვის, რომ ძალიან ანტირუსული განწყობებითაც გამოირჩეოდა. მისი პოზიცია არის უაღრესად პროაფხაზური პოზიცია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ზუსტად ამის გამოა, რომ ათწლიანი მუხლი აქვს მისჯილი რუსეთში. მისი ბაბუა ვალერი კვარჩია სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ვლადისლავ არძინბასთან ერთად, „აიდგილარას" ერთ-ერთი შემქმნელი. დღეს კან კვარჩიაა თვითონ ამ „აიდგილარას" ხელმძღვანელი".

  • მამუკა არეშიძე: „ვისაც ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით დანაშაული აქვს ჩადენილი, არაერთი ყოფილა აქ სამკურნალოდ."

არეშიძის თქმით, კვიწინიასა და კვარჩიას შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება, რის მიზეზადაც ხან მიწის ნაკვეთის ვერგაყოფას, ხანაც ე.წ. პარლამენტში მომხდარ უთანხმოებას ასახელებენ. გარდა ამისა, არსებობდა ხმები, რომ 2016 წელს რუსი ბიზნესმენისა და მისი მეუღლის მკვლელობაში, რისთვისაც ციხეში კვიწინია იჯდა, რეალურად კვარჩიაც მონაწილეობდა, თუმცა პასუხისმგებლობა მთლიანად კვიწინიამ აიღო.

„მთავარი არის ის, რაც მოხდა ახლა. მე გარკვეული ეჭვი მაქვს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა, გარკვეული პოლიტიკური საფუძველი ედო ამას, ან ბრმა იარაღად გამოიყენეს კვიწინია. არ გამოვრიცხავ, რუსულმა სპეცსამსახურებმაც გამოიყენა იმისთვის, რომ კვარჩიასთან ეს დაძაბული ვითარება შეექმნათ.

„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ კან კვარჩია ქარიზმატული პიროვნებაა და ახერხებს ყოველთვის მოახდინოს აფხაზურ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება. აქედან გამომდინარე, დღევანდელ აფხაზურ ოპოზიციურ მოძრაობაში ის ყველაზე ცნობილი და ქარიზმატული ფიგურაა. მას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და მისი ბიოგრაფიიდან რა ფაქტებიც არ უნდა მოიყვანონ, ამ მდგომარეობას ეს არ შეცვლის, მათ შორის თბილისში შვილის გადმოყვანაც", - განუცხადა „რეზონანსს" მამუკა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×