
ამერიკელმა სამხედროებმა დიდ ბრიტანეთში, საფოლკის საგრაფოში მდებარე ლეიკენჰითის სამხედრო ავიაბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 13 ნოემბერს მოხდა, თუმცა მისი დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ავიაბაზის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ექვსი დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა, რის საპასუხოდაც ამერიკელმა სამხედროებმა დრონების საწინააღმდეგო სისტემები გამოიყენეს. სამხედრო პერსონალს განგაშის სიგნალი გაუგზავნეს და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა სამხედრო თვითმფრინავები და ავიაბაზის ინფრასტრუქტურა.
ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა დრონების ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს, რის გამოც უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი შეიარაღებული.
Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, ინციდენტთან შესაძლო კავშირის გამო ეჭვი ირანზეა მიტანილი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯაროდ წარმოდგენილი არ არის.
ლეიკენჰითის ავიაბაზა ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია. აქ განთავსებულია აშშ-ის 48-ე გამანადგურებელი ავიაფრთა და დაახლოებით 7 ათასი სამხედრო მოსამსახურე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები დიდ ბრიტანეთში აშშ-ის მიერ გამოყენებულ კიდევ ორ სამხედრო ავიაბაზას - ფერფორდსა და მილდენჰოლს შეეხო.
სექტემბერში ფერფორდის ავიაბაზაზე სავარაუდო თავდასხმის გეგმა გამოვლინდა, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა იქიდან სტრატეგიული ბომბდამშენები გაიყვანა. ნოემბერში კი უსაფრთხოების საფრთხის გამო მილდენჰოლის ავიაბაზიდან ათზე მეტი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი გაიყვანეს.
გაზრდილი საფრთხეების ფონზე დიდი ბრიტანეთი სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების გასაძლიერებლად 470 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას ახორციელებს. პროგრამა სამხედრო ინფრასტრუქტურის ფიზიკური დაცვის, სადამკვირვებლო და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებასა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლეიკენჰითის ავიაბაზაზე უსაფრთხოების ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგენილია.