
საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ბინების შეძენისას დეველოპერული კომპანიების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებით სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს.
„გალტ & თაგარტის“ სექტორული კვლევების უფროსის, ზუკა თავყელიშვილის შეფასებით, დეველოპერების გაყიდვების მინიმუმ 60% შიდა განვადებებზე მოდის, ხოლო საბანკო იპოთეკურ სესხებსა და ერთიან გადახდებს შედარებით მცირე წილი უჭირავს.
შიდა განვადებების პოპულარობის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის საბანკო დაკრედიტების რეგულაციები, დეველოპერულ კომპანიებს შორის მზარდი კონკურენცია და ბაზარზე საცხოვრებელი ფართების მიწოდების ზრდა.
მომხმარებლების მოსაზიდად სამშენებლო კომპანიები სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მყიდველებს უპროცენტო შიდა განვადებას, დაბალ პირველად შენატანსა და გადახდის მოქნილ გრაფიკს.
ერთ-ერთი გავრცელებული სქემის მიხედვით, მომხმარებელი მშენებლობის დასრულებამდე ბინის ღირებულების დაახლოებით 30%-ს იხდის, დარჩენილი თანხის დასაფარად კი საბანკო იპოთეკური სესხით სარგებლობს.
თუმცა შიდა განვადებების მასშტაბური გავრცელება გარკვეულ ფინანსურ რისკებსაც ქმნის. დეველოპერული კომპანიები სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებიან მომხმარებლების პერიოდულ შენატანებზე, რომელთა შეფერხებამ შესაძლოა მშენებლობის დაფინანსების პრობლემები გამოიწვიოს.
რისკები არსებობს მყიდველებისთვისაც, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ შესაძლოა დარჩენილი თანხის დასაფარად საჭირო საბანკო სესხის მიღება გაუჭირდეთ.
„გალტ & თაგარტის“ წარმომადგენლის შეფასებით, სექტორში არსებული რისკების შესამცირებლად მხოლოდ იპოთეკური დაკრედიტების რეგულაციების შერბილება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია მშენებლობის ნებართვების გაცემის ტემპის ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანაც.