
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას ცეცხლის შეწყვეტას უსაფრთხოების გარანტიების წინასწარი შეთანხმების გარეშე სთავაზობს. ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის პოზიციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უსაფრთხოების მკაფიო და ქმედითი გარანტიები უნდა ახლდეს, რომლებიც რუსეთის მხრიდან განმეორებით სამხედრო აგრესიას აღკვეთს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს ნატოს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მიღება. კიევისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს, რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა ვალდებულებებს აიღებენ ისინი რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ვაშინგტონი მოსკოვზე საკმარის ზეწოლას არ ახორციელებს, ხოლო ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიღწეულა.
BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ სხვა პრობლემურ საკითხებზეც ისაუბრა:
- Starlink და Starshield - უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური კავშირის სისტემების მუშაობის შეზღუდვა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს ასუსტებს. ზელენსკის თქმით, ტექნიკურად საკითხი SpaceX-ს უკავშირდება, თუმცა უცნობია, ვინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
- Patriot-ის რაკეტების დეფიციტი - ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების მიწოდების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი უფრო მეტ ყურადღებას ახლო აღმოსავლეთს უთმობს.
- ტრამპისა და პუტინის ურთიერთობა - უკრაინის პრეზიდენტმა უცნაური უწოდა დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმირ პუტინის მეგობრად მოხსენიებას.
- მოსალოდნელი მძიმე ზამთარი - უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება რუსეთის მიერ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე.
ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება.
ამასთან, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიცია განიხილავს უსაფრთხოების გარანტიების პაკეტს, რომელიც უკრაინის გრძელვადიან სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას, აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს, მრავალეროვნული სამხედრო ძალების შექმნასა და რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში პარტნიორების სამართლებრივად სავალდებულო ვალდებულებებს ითვალისწინებს.