რეზონანსი
28.11.2026

გერმანიაში, კიოლნ-ბონის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე საჰაერო სივრცეში დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის გამო ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდა.

ინციდენტი 27 ნოემბრის საღამოს მოხდა. უსაფრთხოების მოსაზრებებით, აეროპორტში თვითმფრინავების აფრენა და დაფრენა დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში შეჩერებული იყო.

აეროპორტის პრესსპიკერის განცხადებით, დრონი ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე შენიშნეს. გერმანიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის (DFS) გადაწყვეტილებით, აეროპორტმა მუშაობა 28 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე განაახლა. 

სპეციალიზებული საავიაციო გამოცემა aeroTELEGRAPH-ის მიერ Flightradar24-ის მონაცემების ანალიზის თანახმად, ინციდენტის გამო 32 ავიარეისი გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის ათ აეროპორტში გადაამისამართეს. მათგან 15 სამგზავრო, ხოლო 17 სატვირთო რეისი იყო.

ყველაზე მეტად ავიაკომპანიები Eurowings და UPS დაზარალდნენ, რომელთა შესაბამისად რვა და ხუთი რეისი გადაამისამართეს. შეფერხებით შესრულდა მრავალი სხვა ავიარეისიც. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზე დაუდგენელი დრონების გამოჩენის შემთხვევები გახშირდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლება საავიაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

გერმანიაში აეროპორტების სიახლოვეს დრონების გამოყენების წესების დარღვევისთვის 50 ათას ევრომდე ჯარიმაა გათვალისწინებული. 

ამ დროისთვის უცნობია დრონის წარმომავლობა, მისი ოპერატორის ვინაობა და ფრენის მიზანი. ინციდენტის უცხო სახელმწიფოს საქმიანობასთან შესაძლო კავშირის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×