
ირანის სასამართლომ ტარანეჰ რაჰიმის მიმდინარე წლის დასაწყისში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მის ტყუპისცალ დას, რომინას, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ოჯახის წევრების მტკიცებით, ორივე ახალგაზრდა ქალს პატიმრობაში აწამებდნენ და სექსუალური ძალადობის მუქარით აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
ორივე და იანვრის ბოლოს, საპროტესტო აქციებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დააკავეს. ოჯახმა სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. დედამ შვილების ნახვა მხოლოდ მაისში შეძლო - ორივე მათგანი ნაცემი იყო და თმა ჰქონდათ დაგლეჯილი.
ტარანეჰი დამნაშავედ ცნეს „მოჰარებეში“ - დანაშაულში, რომელიც ირანის კანონმდებლობით „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოებად“ განიმარტება და სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. სასამართლო დოკუმენტში, რომელსაც BBC-ის ჟურნალისტები გაეცნენ, ნათქვამია, რომ მას ცივი იარაღის დემონსტრირებასა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში ედებოდა ბრალი. რომინა კი ამ დანაშაულის ხელშეწყობისთვის გაასამართლეს.
ოჯახის წევრების თქმით, გამომძიებლები ტარანეჰს ემუქრებოდნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის თვალწინ რომინას გააუპატიურებდნენ. ტარანეჰმა სასამართლოში განაცხადა, რომ ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს.
ტყუპი დების საქმე იანვრის საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასშტაბური დევნის ნაწილია. ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაი სატოს მონაცემებით, ისპაჰანში მხოლოდ ერთი საქმის ფარგლებში ათ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
უფლებადამცველები წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.