
ნათესი ფართობების მკვეთრმა შემცირებამ და მოსავლიანობის მრავალწლიურ მინიმუმამდე დაცემამ რუსეთი წიწიბურას მიწოდების კრიზისის ზღვარზე მიიყვანა.
ანალიტიკური ცენტრის „პრო ზერნოს“ მონაცემებით, წიწიბურას ბურღულის — ტრადიციული პროდუქტის, რომელიც მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენის კვების რაციონში შედის — საბითუმო ფასი ზაფხულიდან სწრაფად იზრდება, წლიურ ჭრილში კი თითქმის გაორმაგდა.
20 ნოემბრის მდგომარეობით, პირველი ხარისხის წიწიბურას ერთი ტონის ფასი 60 300 რუბლამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ის 33 314 რუბლი ღირდა. ერთ თვეზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში წიწიბურას ფასი 30%-ით, ანუ ტონაზე 14 ათასი რუბლით გაიზარდა, ივლისთან შედარებით კი — 70%-ით, ანუ ტონაზე 35 ათასი რუბლით.
რუსეთში წიწიბურას მოსავალი ზედიზედ რამდენიმე წელია მცირდება, — განმარტავს საკონსულტაციო კომპანია „რექსოფტ კონსალტინგის“ აგროსამრეწველო კომპლექსის კომპეტენციის ცენტრის მმართველი დირექტორი დმიტრი კრასნოვი.
წელს მოსავალი ბოლო 12 წლის მინიმუმამდე დაეცა, — წერს „ზერნო ონლაინი“. პროგნოზის თანახმად, მოსავალი 728–841 ათას ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 926 ათასი ტონა იყო. ორი წლის წინ წიწიბურას მოსავალი 1,2 მილიონ ტონას აღწევდა, 2023 წელს კი — 1,47 მილიონ ტონას. მას შემდეგ მოსავლის მოცულობა თითქმის 40%-ით შემცირდა.
რუსეთში წარმოებული წიწიბურას ნახევარი ალთაის მხარეზე მოდის, სადაც წელს ზაფხულში გვალვა იყო. თუმცა, კრასნოვის შეფასებით, უფრო ფუნდამენტური და გრძელვადიანი ფაქტორი, სავარაუდოდ, ნათესი ფართობების შემცირებაა. წელს წიწიბურა 682,9 ათას ჰექტარზე დაითესა, რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საბითუმო ფასების ზრდას საცალო ფასების მატებაც მოჰყვა. „აბ-ცენტრის“ მონაცემებით, 16 ნოემბრის მდგომარეობით, მაღაზიებში ერთი კილოგრამი წიწიბურა 94,09 რუბლი ღირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.