
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებზე გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა და ამ ნაბიჯს „ძალიან სახიფათო" უწოდა.
„ჩვენ ვხედავთ კიევის რეჟიმის ტერორისტულ ქმედებებს ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში. ეს არ შეიძლება, არ აწუხებდეს სანაპირო სახელმწიფოებს და, ალბათ, ზოგადად, ნატო-ს ალიანსსაც. რა თქმა უნდა, კონფლიქტის გაფართოება არავის სურს. ამიტომ, კიევის რეჟიმის ეს ქმედებები პოტენციურად ძალიან სახიფათოა", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გეგმები უკრაინისთვის ახალი სახსრების გამოყოფის შესახებ სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო იქნება.
„სამშვიდობო პროცესისთვის შედეგები კარგი არ იქნება. ევროპელების მიერ წაქეზებული და წახალისებული კიევის რეჟიმი ნაკლებად არის მიდრეკილი სამშვიდობო პროცესისკენ და უფრო მეტად ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული - უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მოქალაქეების ინტერესების, ისევე როგორც ევროპული ქვეყნების მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ", - აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვის კომენტარს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადება. როგორც დონალდ ტრამპისა და მარკ რუტეს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა და უკრაინამ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიეთ ომის გაფართოებას გამოიწვევს.