
საქართველოში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური გაიზარდა. ახალი რეგულაციის თანახმად, იმპორტიორებს შესაბამისი პროდუქციის თითო კილოგრამზე 3 ლარის გადახდა მოუწევთ, თუ წონის მიხედვით გამოთვლილი თანხა გაფორმების აქამდე მოქმედ საფასურს აღემატება.
ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით განხორციელდა და 25 ნოემბრიდან ამოქმედდა.
ახალი ტარიფით, ერთი ტონა პროდუქციის საბაჟო გაფორმება იმპორტიორს 3 ათასი ლარი დაუჯდება, ხუთი ტონის – 15 ათასი ლარი, ათი ტონის კი – 30 ათასი ლარი. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი აქამდე ტვირთის გაფორმებისთვის 500 ლარს იხდიდა, 20 ტონა პროდუქციის შემთხვევაში მისი ხარჯი 120-ჯერ გაიზრდება და 60 ათას ლარს მიაღწევს.
ცვლილება შეეხება როგორც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ისე თეთრეულს, ფარდებს, საბნებს, პლედებს, ქუდებს, ტანსაცმლის აქსესუარებსა და სხვა მზა საფეიქრო ნაწარმს.
რეგულაცია ითვალისწინებს გამონაკლისებსაც. კერძოდ, ახალი ტარიფი არ გავრცელდება მეორად ტანსაცმელზე, ტექსტილის ნარჩენებზე, საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით გაფორმებულ საქონელსა და ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან გაფორმებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ შეღავათიანი წარმოშობის პროდუქციაზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.
საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (REA) მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ორგანიზაციის განცხადებით, რეგულაცია ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე მიიღეს, კომპანიებს კი ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის მხოლოდ რვა დღე მიეცათ.
ბიზნესის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ იმპორტის ხარჯების ზრდა საბოლოოდ სამომხმარებლო ფასებზეც აისახება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ტარიფი საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურია და იმპორტიორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების გადახდისგან არ ათავისუფლებს.