
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად რეზერვისტებს შესაძლო სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტრატეგიული რეზერვის დაახლოებით 100 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო წერილი, რომელშიც მათ სამხედრო მომზადებასა და წვრთნებში ნებაყოფლობით მონაწილეობას სთავაზობენ, მათ შორის, მომავალი წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ნატოს სამხედრო წვრთნებში – Steadfast Defender.
რეზერვისტებს ასევე სთხოვენ საკონტაქტო მონაცემების განახლებასა და ინფორმაციის მიწოდებას მათი ამჟამინდელი სამუშაო ადგილისა და პროფესიული უნარების შესახებ.
წერილები გაეგზავნათ ვეტერანებს, რომლებმაც სამხედრო სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვეს, თუმცა საგანგებო ვითარებაში შესაძლოა კვლავ გაიწვიონ. ამასთან, მოულოდნელ მობილიზაციაზე საუბარი არ არის.
„ეს წერილები არ ნიშნავს, რომ რეზერვისტებს უახლოეს მომავალში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. ეს უბრალოდ სათანადო ორგანიზაციული სამუშაოა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავუკავშირდეთ გაწვევას დაქვემდებარებულ პირებს და გვქონდეს განახლებული ინფორმაცია მათი უნარებისა და გამოცდილების შესახებ“, – განაცხადა ვეტერანთა საკითხების მინისტრმა კელვინ ბეილიმ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში წერილების დაგზავნას „პრაქტიკული ნაბიჯი“ უწოდეს, რომელიც ქვეყნის შეკავების პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება და შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რისკის შემცირებას უწყობს ხელს.