
26 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობის საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სუბხანკულოვოს“ შეუტიეს, რომელიც ურალში „ტრანსნეფტის“ სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია.
ამის შესახებ გამოცემა Astra თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე იუწყება.
ობიექტი ტუიმაზის რაიონში მდებარეობს. რაიონის ხელმძღვანელმა ბულატ მუსინმა განაცხადა, რომ სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მისი თქმით, არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ძლიერი ხანძარი და სქელი შავი კვამლი ჩანს.
„სუბხანკულოვო“ ურალში „ტრანსნეფტის“ სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია. სადგური დასავლეთ ციმბირიდან და ბაშკორტოსტანიდან მიღებული ნავთობის მიღებას, შენახვასა და გადატუმბვას უზრუნველყოფს.
ნედლეული მიეწოდება როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ისე მაგისტრალურ ნავთობსადენებს, მათ შორის „უსტ-ბალიკი - კურგანი - უფა - ალმეტიევსკისა“ და „სუბხანკულოვო - შკაპოვოს“ ნავთობსადენებს.
სადგურის სარეზერვუარო პარკი ათი რეზერვუარისგან შედგება, რომელთა საერთო მოცულობა 160 ათასი კუბური მეტრია.
უკრაინის საზღვრიდან 1 300 კილომეტრის დაშორებით მდებარე სადგურზე თავდასხმა მიმდინარე წლის 23 ივლისსაც განხორციელდა.