
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის სხვა ქვეყნებზე გავრცელების წინააღმდეგ გააფრთხილეს და სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევისკენ მოუწოდეს.
ამის შესახებ ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციას კი Reuters-ი ავრცელებს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოსკოვმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი — „განზრახ თუ უნებლიე“ — ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა საბრძოლო მოქმედებების უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, ტრამპმა და რუტემ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხიც განიხილეს.
გასულ კვირას პოლონეთის ტერიტორიაზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101 ჩამოვარდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოსკოვი „განზრახ პროვოკაციაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა საერთაშორისო სამხედრო წვრთნების ჩატარების ადგილთან ახლოს მოხდა. წვრთნებში ნატოს ათასობით სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
ამის შემდეგ, Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, პოლონეთმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შესთავაზა, განიხილონ უკრაინის საჰაერო სივრცეში იმ რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა, რომლებიც ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართულებით მიფრინავენ.