
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იხდიდა სასჯელს, საპატიმრო დატოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ განუცხადა, ფირცხალავა პენიტენციური დაწესებულებიდან 13 ნოემბერს, სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.
„ირაკლი გამოვიდა 13- ნოემბერს, ახლა სჭირდება რეაბილიტაცია, ყველა კუთხით მისახედია მისი ჯანმრთელობა. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია, რომ უდანაშაულომ მოიხადა ეს 12-წლიანი სასჯელი, განსაკუთრებულად მძიმე პირობებში. მოიხადა ვაჟკაცურად და ახლა მას სჭირდება სიმშვიდე, მკურნალობა და რესოციალიზაცია, რაც თანდათან უნდა მოხდეს. ამიტომ ოჯახი მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ფირცხალავას მეუღლემ.
შეგახსენებთ, 2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო 2006 წლის 2 მაისს, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში. მას თავდაპირველად 16 წელი განესაზღვრა, რაც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შემცირდა და საბოლოოდ 12 წლით პატიმრობა შეეფარდა.