
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. აეროპორტის გაფართოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 150 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი აეროპორტის ინფრასტრუქტურის მასშტაბურ განახლებასა და მგზავრთა მომსახურების შესაძლებლობების გაორმაგებას ითვალისწინებს.
გაფართოების შედეგად სამგზავრო ტერმინალის ფართობი დამატებით 21 500 კვადრატული მეტრით გაიზრდება, ხოლო თვითმფრინავებში ჩასხდომის ხიდების რაოდენობა 5-დან 10-მდე მოიმატებს.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდება გაფრენისა და ჩამოფრენის ზონები, განახლდება მგზავრთა მომსახურების სივრცეები და მოეწყობა ახალი სადგომები როგორც თვითმფრინავებისთვის, ისე ავტომობილებისთვის. ასევე დაგეგმილია აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარება.
აეროპორტის გაფართოების შესახებ შეთანხმება 2026 წლის 15 იანვარს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, „ტავ ჯორჯიას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის უფლება 2031 წლის ბოლომდე გაუგრძელდა.
კომპანია TAV Airports-ის ინფორმაციით, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება.
აეროპორტის გაფართოების საჭიროება მგზავრთნაკადის ზრდას უკავშირდება. კომპანიის მონაცემებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 13,7%-ით მეტია.
პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისის აეროპორტს ყოველწლიურად 10 მილიონამდე მგზავრის მომსახურების შესაძლებლობა ექნება, რაც საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გაფართოების მნიშვნელოვან წინაპირობად განიხილება.
„ტავ ჯორჯია“ საერთაშორისო საავიაციო ოპერატორ TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფრანგული Groupe ADP-ის ჯგუფში შედის.