
ჩვენს ხელისუფლებას ღიად აქვს გაცხადებული, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზა არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, შესაბამისად, როდესაც მშვიდობიანი დაბრუნების გზებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა , რუსეთთან დიალოგის გარეშე ვერანაირ ნაბიჯს წინ ვერ გადავდგამთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას.
მისივე თქმით, ნებისმიერი შეხვედრა ორ მხარეს შორის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სფეროს გაუმჯობესებას.
„ერთობლივად ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები. მანამ, სანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ გვექნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ ამ ურთიერთობებში, აუცილებელია დიალოგი და მივესალმები თუ ეს დიალოგი კიდევ უფრო ხშირი იქნება, ვიდრე დღევანდელ დღემდე გვქონდა ამ წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით.