
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას სამივე ბრალდებული ესწრება. სამივე მათგანის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი იხილავს.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.