
თურქეთში, ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ფარგლებში, ცნობილი მსახიობი დენიზ ჩაქირი დააკავეს, რომელიც პოპულარულ თურქულ სერიალ „დიდებულ საუკუნეში“ შაჰ-სულთნის როლს ასრულებდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, 25 ნოემბერს სტამბოლში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 24 ადამიანი დააკავეს, ხოლო სულ 35 პირის დაკავების გადაწყვეტილება იყო მიღებული.
დაკავებულთა შორის, დენიზ ჩაქირის გარდა, არიან ცნობილი თურქი მომღერალი და მსახიობი ოზჯან დენიზი, მსახიობი ბურჯუ ოზბერქი, ტელეწამყვანი მურათ ჯეილანი და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები.
გამოძიებას სტამბოლის მთავარი პროკურატურის კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულების საგამოძიებო ბიურო აწარმოებს.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება მოიცავს პროსტიტუციასთან, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობასთან, მათ მიწოდებასთან, მოხმარებასა და შენახვასთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულებს.
ამასთან, უწყების განმარტებით, აღნიშნული 35 პირის დაკავების გადაწყვეტილება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ან შენახვის შესახებ წარმოშობილი ეჭვის საფუძველზე მიიღეს.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა შეისწავლეს ეჭვმიტანილთა ჩვენებები, მოწმეების, მათ შორის ანონიმური მოწმეების, განცხადებები, ასევე ამოღებული მობილური ტელეფონები და სხვა ციფრული მასალები. გამოძიების მასალებში შეტანილია ექსპერტიზის დასკვნებიც.
სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამართალდამცველები იმ პირების ადგილსამყოფლის დადგენაზეც მუშაობენ, რომელთა დაკავების გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ისინი ჯერ არ დაუკავებიათ.
ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელ სავარაუდო დანაშაულში ედავებიან მონაწილეობას დენიზ ჩაქირს. მისი დაკავება ბრალეულობის დადასტურებას არ ნიშნავს.
დენიზ ჩაქირი თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. საერთაშორისო პოპულარობა მას ისტორიულმა სერიალმა „დიდებულმა საუკუნემ“ მოუტანა, სადაც ოსმალეთის სულთნის, სულეიმან დიდებულის დის, შაჰ-სულთნის როლი შეასრულა.