რეზონანსი
25.11.2026

25 ნოემბრის ღამეს უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამარის ოლქზე მასირებული შეტევა განახორციელეს. დრონების სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი სექტორის სამი ობიექტი გახდა.

აფეთქებები ისმოდა სამარაში, სიზრანსა და ნოვოკუიბიშევსკში, სადაც კომპანია „როსნეფტის“ საწარმოები მდებარეობს. საუბარია სიზრანისა და კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე ხ სადისპეტჩერო სადგურ „სამარაზე“.

ადგილობრივი მოსახლეობა ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყება და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საჰაერო განგაში თავდასხმიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გამოცხადდა. მოსახლეობა ინტერნეტკავშირის შეფერხებებზეც საუბრობს.

სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა რეგიონზე თავდასხმა დაადასტურა: 

„მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენს ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევის მოგერიება. მოქმედებენ საჰაერო თავდაცვის ძალები და მობილური საცეცხლე ჯგუფები. ჩართულია გამაფრთხილებელი სირენები. დაიცავით უსაფრთხოების წესები. შეინარჩუნეთ სიფხიზლე და ენდეთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ოლქის თავზე 145 დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და დაფიქსირდა ნგრევა.

თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრების მიხედვით, რომლებიც გამოცემა Astra-მ გააანალიზა, დრონების სამიზნე სიზრანისა და კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გახდა.

ორივე საწარმო კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის და სამარის ოლქის ერთ-ერთ უმსხვილეს სამრეწველო ობიექტს წარმოადგენს.

სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,9 მილიონი ტონა ნავთობია, თავდასხმის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

მანამდე, 15 სექტემბერს, ქარხანას დრონებმა უკვე შეუტიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მაშინ დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი და რეზერვუარების პარკი. თავდასხმის შემდეგ საწარმომ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.

დრონების იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც, რომელიც ქალაქ სამარის ტერიტორიაზე მდებარეობს და წელიწადში 7 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

ეს საწარმო მანამდე, 22 სექტემბერსაც, გახდა თავდასხმის სამიზნე. ქარხნის ცეცხლმოკიდებული რეზერვუარები კოსმოსიდანაც ჩანდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×