
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალების შესახებ გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თვითმხილველი უყვება. ქალი აფეთქების შემდეგ, ნინო ჭელიძის შვილების გადარჩენაში მონაწილეობდა.
"აფეთქების ხმა გავიგეთ და გავიქეცით, დაახლოებით 9-ს აკლდა 15 წუთი. ნელ-ნელა ხალხი სადარბაზოებიდან შეშინებული სახეებით გამორბოდა. ატყდა წივილ-კივილი. ნაცნობი ბიჭი დავინახე და მას ვუთხარი, გავიქცეთ, რაღას ველოდებით, შიგნით იქნებ ვინმეს დავეხმაროთ-მეთქი.
მეორე სართულზე რომ ავირბინეთ, დავინახეთ ხის კარი და მივხვდით, რომ იქ შეღწევა შეიძლებოდა. ხის კარს შევამტვრევდით და რკინის კარს რას უზამ, ჩაკეტილი იყო, რადგან კორპუსმა უკვე დეფორმაცია მიიღო. დავიწყეთ ამ კარის შეტეხვა. ჩემს გვერდით მყოფი ზედ ეჯახებოდა, რომ გაეღო.
იქ მყოფ მეზობლის ბავშვს ვთხოვეთ დახმარება და ასე ერთიანი ძალით შევამტვრიეთ კარი. მაგრამ, სინკარი იყო დაცემული ძირს და ის იჭერდა, ვერ ვაღებდით. ვუთხარი, ზემოთ მხარეს გადავტეხოთ ეს კარი მეთქი და იმ მხრიდან გადმოვიყვანეთ ჩვენსკენ ორი გოგო, ნინოს შვილები. ესენი კი გამოვიყვანეთ, მაგრამ მათი ძმა არ ჩანდა. ბავშვები ყვიროდნენ, დედა შიგნით დარჩაო.
კარში ისევ შევიხედე, მაგრამ სინკარი უკვე დაბლა იყო ჩატანილი. ვეუბნებოდი ზემოდან ისევ ცვივა ნაშალი და ჩქარა, იქნებ თქვენ მაინც გადარჩეთ-მეთქი, ხელს ვკრავდი ამ ბავშვებს. რომ ჩამოვედით, თავზე კენჭებით და ხრეშით ვიყავით სავსე.
ჩამოვედით პირველ სართულზე და იქ უკვე ვეღარ გავჩერდით, რადგან აშკარად საშიშროება იყო. გარეთ რომ გამოვედი, დავინახე ამ გოგოების ძმა მაშველებს მოჰყავდათ. თურმე საპირფარეშოში ჩარჩა ეს ბავშვი, რადგან კარი რომ გააღო, იატაკი აღარ დახვდა და მაშველებმა გამოიყვანეს.
უკვე ყველა ერთმანეთს აწყდებოდა, იყო წივილ-კივილი. ვეღარ გაარჩევდი, ვინ ყვიროდა მიშველეო. ზოგი უკან არბოდა, რომ საკუთარი ოჯახის წევრები მაღლა დარჩათ. თაია გადარჩა, რადგან სამკუთხედი ბუნკერი გაკეთდა და იქ აღმოჩნდა. პირველი სართულის ლალის კი დაუძახია ტყუპებისათვის, ფანჯრიდან გადახტითო. მაგრამ თვითონ ვეღარ მოასწრო საძინებლიდან გარეთ გამოსვლა. მაშველებმა იმუშავეს ძალიან ოპერატიულად, თავი არავის დაუზოგავს”,- ამბობს თვითმხილველი, გამოცემასთან.
მთავარი ამბები კახეთიდან