
გერმანიაში მნიშვნელოვნად შემცირდა ბერლინის პოლიტიკის მხარდაჭერა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში.
გერმანელების დაახლოებით 53% მიიჩნევს, რომ გერმანიამ კიევს სამხედრო დაფინანსება აღარ უნდა გაუწიოს. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 39%-ს შეადგენდა. ამის შესახებ მოწმობს სექტემბერში,
კერბერის ფონდის დაკვეთით, სოციოლოგიური სააგენტო Forsa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლებსაც „ბლუმბერგი" ავრცელებს.
საზოგადოებრივი განწყობების ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ არ მოქმედებს: გერმანელების თვალში რუსეთის იმიჯი არ გაუმჯობესებულა - გამოკითხულთა 82% მას კვლავ სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს.
გერმანელების პოზიციებზე შესაძლოა გავლენა იქონია ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) პროპაგანდამ. პარტია აქტიურად იზიდავს მხარდამჭერებს და სექტემბერში პირველად გაიმარჯვა ერთ-ერთი ფედერალური მიწის არჩევნებში.
პარტიის მხარდამჭერთა შორის მხოლოდ 11% ემხრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, ხოლო 75% - რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, აქტიურად ავითარებს ურთიერთობებს „ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიასთან.