რეზონანსი
23.11.2026

საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა - ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო ემხრობა სუროგაციის სრულად აკრძალვას და მიიჩნევს, რომ ნაწილობრივი აკრძალვის შემთხვევაში, ეს უკონტროლო პროცესს გამოიწვევს.

„საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა, იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს, არაბუნებრივი პროცესია. ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები. ამიტომ, მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“, -განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები. „გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% არის საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. რაც შეხება საერთაშორისო პრაქტიკას, თითქმის ქვეყანა აღარ არსებობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც რომ ავიღოთ, ან აკრძალულია ან ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული. ფაქტობრივად, 5-6 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველოც, პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც ეს თემა ჯერ კიდევ დარჩენილია”, - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×