რეზონანსი
23.11.2026

რუსეთში, მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში, 80 წლის ვალიკო ჯეჯეია დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „ვალტერის“ მეტსახელით არის ცნობილი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ჯეჯეია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური ძებნის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერევნიდან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ დააკავეს.

გამოცემა RBC სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯეჯეიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 210.1-ე მუხლით აღიძრა, რომელიც დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობის დაკავებას გულისხმობს.

გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ცნობით, 80 წლის ჯეჯეია წლების განმავლობაში მონტენეგროში ცხოვრობდა, თუმცა ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია და იგი სომხეთში ჩავიდა.

თუმცა სომხეთიდან, სადაც, როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარ „კანონიერ ქურდებს“ მფარველობენ, რუსეთის მოქალაქე „ვალტერი“, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, მოსკოვში გადაამისამართეს და რუსეთის სამართალდამცავების იმედად დატოვეს.

სამართალდამცავებთან საუბრისას ჯეჯეიამ არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა მას ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი.

ვინ არის ვალიკო ჯეჯეია?

რუსული კრიმინალური ქრონიკის გამოცემების თანახმად, ვალიკო ჯეჯეია, მეტსახელად „ვალტერი“, ქართული წარმოშობის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელია.

მედიის ინფორმაციით, 1990-იან წლებში ის რუსეთის შორეულ აღმოსავლეთსა და სახალინზე კრიმინალურ გავლენებთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში გავლენის სფეროებისთვის კონკურენციას უწევდა ევგენი ვასინს, მეტსახელად „ჯემს“.

რუსული გამოცემები ჯეჯეიას მოქმედ ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულად მოიხსენიებენ.

დაკავების შესახებ ინფორმაცია 22 ნოემბერს გავრცელდა. 23 ნოემბერს RBC-მ სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებაც დაწერა.

ჯერჯერობით საჯაროდ არ არის დაზუსტებული, რა აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 80 წლის ჯეჯეიას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

დაუზუსტებელი ცნობებით, ასაკისა და კრიმინალურ სამყაროში მისი ხანგრძლივი წარსულის გათვალისწინებით, ვეტერან „კანონიერ ქურდს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთი თვე მისცეს.  კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთმა უხუცესმა წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ოპერაციის ჩატარებისთანავე რუსეთს დატოვებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×