
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივას დადებითად აფასებენ სასულიერო პირები.
მათი განმარტებით, სასიხარულოა, რომ მალე საქართველოც შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, სადაც სუროგაცია აკრძალულია. ცნობილია, რომ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საპატრიარქოსთან.
დეკანოზი, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია და ამის შესახებ თავის ქადაგებებში პატრიარქი ილია II ხშირად საუბრობდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონპროექტი, რადგან სუროგაცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ხშირად, ბავშვები იყიდებიან-ხოლმე უცხოელებზე. ეკლესიისთვის, სუროგაცია არის ძალიან მიუღებელი.
უწმინდესს, პატრიარქ ილია II-ს ბევრჯერ აღუნიშნავს თავის ქადაგებაში, რომ ეს ეკლესიისთვის მიუღებელია. გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო ამ კანონს იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი ჩვენთვის", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
ასევე, ინიციატივის მომხრეა გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ვაჟა (სონღულაშვილი).
"ეს ინიციატივა, რაც წამოიჭრა ხელისუფლებისგან, აბსოლუტურად მისაღებია. ასეთი, თუნდაც შემოსავალი - ცოდვიანი შემოსავალი, როგორც მისმა უწმინდესობა შიომ ბრძანა, არავის ხეირს და ნაყოფს არ მოუტანს, არც ქვეყანას, არც სახელმწიფოს, არც ჩვენს ქართულ ოჯახს.
რა თქმა უნდა, ასაკრძალია, მივესალმებით. ვფიქრობ, ქართველი ერის წამოძახილიცაა, რომ აუცილებლად აიკრძალოს", - აცხადებს სასულიერო პირი.