
რუსთავში ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, 30 წლამდე ქალი "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხიდზე ერთ-ერთი საბურავი გაუსკდა და მის შესაცვლელად ავტომობილიდან გადმოვიდა. ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც გზაზე მომავალი "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა ის ვერ შეამჩნია, მუხრუჭის გარეშე შეეჯახა და ავტომობილზე მიაჭყლიტა. შეჯახების შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ინერციით, დასახმარებლად გაჩერებულ "ბეემვეს" მარკის ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმის კოორდინატორ-ორგანიზატორმა და მორიგე ექიმმა ივანე ბალიაშვილმა განაცხადა, პაციენტს ქვედა კიდურების მძიმე, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. შემოყვანილია ტრავმული შოკით, ორივე ქვედა კიდურის მძიმე, მრავლობითი მოტეხილობით. მათ შორის იყო ღია მოტეხილობები. მომზადდა საოპერაციოდ. ჩატარდა ჰემოტრანსფუზია, მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულ მდგომარეობაში ავიყვანეთ ოპერაციაზე.
ამ ეტაპზე რა მონაცემებიცაა, დაზიანების თვალსაზრისით კიდურის ამპუტაციის საკითხი არ იდგა, არც ტრავმული, არც გეგმიური. თუმცა წინ რთული პერიოდია გასავლელი. სჭირდება გარეგანი და შინაგანი ფიქსაცია, ბარძაყიც მოტეხილია და ორივე წვივის ძვლებიც. პლუს ამას, რბილი ქსოვილების დაზიანებებიც. ჩემი ბოლო ინფორმაციით მიმდინარეობდა ოპერაციული ჩარევა, რის შემდეგაც გადაიყვანენ რეანიმაციულ განყოფილებაში", - აღნიშნა ივანე ბალიაშვილმა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, რომელიც ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ინფო რუსთავი