რეზონანსი
22.11.2026

ლიეტუვა არ მონაწილეობდა კალინინგრადის ოლქზე დრონებით განხორციელებულ სავარაუდო თავდასხმაში, რომლის შესახებაც რუსეთის ხელისუფლებამ 21 ნოემბერს განაცხადა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.

„ლიეტუვას არასოდეს გაუცია ნებართვა საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, მათ შორის არც ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მან.

შაბათს საღამოს კალინინგრადის ოლქში განგაშის სირენები ჩაირთო. რეგიონის გუბერნატორის, ალექსეი ბესპროზვანიხის განცხადებით, ნემანის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა ლიეტუვის მხრიდან მოახლოებულ საეჭვო ობიექტზე ამოქმედდა.

გუბერნატორის თქმით, შემდგომმა შემოწმებამ აჩვენა, რომ საფრთხე არ არსებობდა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ობიექტი დაფიქსირდა.

ამასთან, კალინინგრადის „ხრაბროვოს“ აეროპორტში დროებით შეიზღუდა თვითმფრინავების მიღება და გაფრენა. თვითმხილველების მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალაქ ბალტიისკში, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა. ქალაქში რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს.

ბუდრისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კატეგორიულად უარყოფს ცრუ ბრალდებებს“, რომლებიც კალინინგრადის ოლქზე სავარაუდო თავდასხმაში ლიეტუვის მონაწილეობას უკავშირდება.

აღნიშნული განცხადებები კალინინგრადის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე გაკეთდა. მანამდე კრემლი დასავლეთს ბირთვული დარტყმით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ამ ექსკლავის ბლოკირების მცდელობა განხორციელდებოდა.

ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა (NKVC) ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს უპილოტო საფრენი აპარატები არ დაუფიქსირებიათ.

ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ხელისუფლების განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდეს.

NKVC-ის განმარტებით, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში ადრეც ვრცელდებოდა მტკიცებები, თითქოს ნატო კალინინგრადის ოლქის იზოლირებასა და რეგიონის მომარაგების შეფერხებას ცდილობდა.

„შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ ამჯერადაც მსგავსი განცხადებების მიზანი იყოს მცდარი წარმოდგენის შექმნა, თითქოს ლიეტუვა ან ნატო რუსეთის ობიექტებზე თავდასხმებში მონაწილეობენ“, - განაცხადეს ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×