
ქვემო ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი შემთხვევისას დაშავებული ორი არასრულწლოვანი ინგოროყვას კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. განმეორებითი კვლევები მათ ხვალ ჩაუტარდებათ.
რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებულ კაცს, რომლის სახლშიც მოხდა აფეთქება, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.
„ცვლილებების გარეშეა, ისევ უმძიმესად რჩება, მაგრამ სტაბილურობას ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და მათგან ორი კლინიკიდან იმავე დღეს გაეწერა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.