
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მძიმე რჩება იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა.
მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მან დაზარალებულები მოინახულა.
„მისი მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა აქედან, ამას დრო გვაჩვენებს.
ასევე ერთი ქალბატონი იყო მოთავსებული, რომელიც გაეწერა, მას არ ჰქონდა ისეთი დაზიანება, რომელიც მოითხოვდა შემდგომ დაკვირვებას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია ხუთი ცხედარი - სამი ქალის, ერთი მამაკაცის და ერთი ბავშვის.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანი რჩება.