ნატალია ჯვარიძე
19.11.2026

რესტორანში დაწყებული შეხვედრა დაცვის ოთახში სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა. ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაკავებული გელა არობელიძე დანაშაულს აღიარებს, უფრო მეტიც, მან თავად დარეკა პოლიციაში. გარდაცვლილის ადვოკატი ბიზნეს-დავას არ ადასტურებს, თუმცა მკვლელობის უშუალო მოტივი ამ დრომდე უცნობია.

პენსიონერი ვაკეში 18 ნოემბერს, ღამით მოკლეს. ამას წინ უძღოდა ხელჩართული ჩხუბი. კონფლიქტი საპარკინგე სივრცეში არსებულ დაცვის სასადილო ოთახში დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ 20 წელია იცნობს დაკავებულ გელა არობელიძეს, რომელიც იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა.

დაცვის წევრის თქმით, მან პოლციას ამის შესახებ უკვე უამბო.

„დიღმის სამმართველოში ვიყავი, გამომკითხეს, როგორ იცნობ, ვის იცნობ. როგორ არ ვიცნობ ახლა კაცს, მეზობელია, 20 წელია ვიცნობ. ოთახი გვაქვს სამზარეულო, რა, სადაც ვამზადებთ საჭმელს, იქ შესულან და ლაპარაკობდნენ. ამ ლაპარაკ-ლაპარაკს მოჰყვა მერე ეს ყველაფერი. ესენი ერთად არ მინახავს. არც კი მინახავს (მოკლული) ფიზიკურად. ჩემი კოლეგაც წაიყვანეს და გამოკითხეს, ამბობს, მე რაზე მივაქცევდი ყურადღებას, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ კაცებიო. ყარაული კაცია და ვინ ეკითხებოდა ამას. რომ მოხდა ამბავი, თვითონ გამოვიდა და დარეკა პოლიციაში, ასე მომივიდაო, მოაკითხეს (შსს-ს) თანამშრომლებმა და წაიყვანეს. დაჭრილია თუ არა, არ ვიცი, რაღაცებს იქნევდაო და რას იქნევდა და როგორ იქნევდა მე არ ვიცი", - ამბობს დაცვის თანამშრომელი.

  • „ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ ეს ადამიანები წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, ანუ ერთმანეთთან კომუნიკაცია პირველად, ახლო წარსულში მოხდა. გუშინ ისინი ერთმანეთს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ, ისაუბრეს და შემდეგ წავიდნენ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე იმ ავტოფარეხში"

ჩიქოვანის ოჯახის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი მედიასთან აცხადებს, რომ დაკავებული მამაკაცი, გელა არობელიძე და ვახტანგ ჩიქოვანი წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, მკვლელობის დღეს კი სულ მეორედ ჯერ რესტორანში შეხვდნენ, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე გადაინაცვლეს.

ადვოკატი ბიზნეს-დავას არ ადასტურებს.

„ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ ეს ადამიანები წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, ანუ ერთმანეთთან კომუნიკაცია პირველად, ახლო წარსულში მოხდა. გუშინ ისინი ერთმანეთს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ, ისაუბრეს და შემდეგ წავიდნენ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე იმ ავტოფარეხში. შიგნით რა მოხდა, ამაზე, ამ ეტაპზე ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველა ვერსიის გადამოწმება მიმდინარეობს, ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერც გამოძიება იტყვის და არც ჩვენ გავაჟღერებთ, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შევუშალოთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გუშინ, მეორედ მოხდა კომუნიკაცია", - აცხადებს სვიმონიშვილი.

ერთ-ერთ ვერსიაზე, რომ მკვლელობა შესაძლოა, მათ ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს, ადვოკატი პასუხობს, რომ გარდაცვლილი ვახტანგ ჩიქოვანი ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესში აქტიურად აღარ იყო ჩართული. თუმცა იქვე დასძენს, რომ გამორიცხული არ არის, მომხდარი წარსულს უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ საიდან აქვს დაკავებულს დაზიანებები, ვინაიდან ის კლინიკაშია მოთავსებული და არა იზოლატორში, ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დაშავდა ბრალდებული.

„როგორც ვიცი, დაზიანება ხელის მტევანზე აქვს მიყენებული, თუმცა კონკრეტულად რა ვითარებაში, ან ვის მიერ მიიღო, ეს დადასტურებულად ჩემთვის ცნობილი არ არის", - აცხადებს სვიმონიშვილი.

მისი თქმით, ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, დაკავებულის საცხოვრებლის მიმდებარედაა.

„ჩიქოვანი იქ არ ცხოვრობს, საბურთალოზე ცხოვრობს. დაკავებული ან უშუალოდ იმ კორპუსში ან მიმდებარედ ცხოვრობს, ვინაიდან დარაჯს სთხოვა, მათთვის ეს სივრცე დაეთმო, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში თავად ბრალდებულმა დარეკა", - განაცხადა სვიმონიშვილმა.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×