თამარ ოყუჯავა
19.11.2026

ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები საათ-ნახევარი გაგრძელდა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს. ტრამპმა ჩინეთი უკვე დატოვა.

შეხვედრის მთავარი თემები ბირთვული განიარაღება, გლობალური სტაბილურობა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარება იყო.

„როგორც მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს, ჩვენ გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ ღია, პატივისცემით სავსე და ნაყოფიერი დიალოგი ისეთ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ პლანეტაზე", - განაცხადა დონლდ ტრამპმა მოლაპარაკებების დასაწყისში.

მისივე თქმით, წარსულში ლიდერები ხშირად ერიდებოდნენ საუბარს იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა „მშვიდობა არასდროს დამყარებულა ურთიერთობისა და დიალოგის შესაძლებლობებზე უარის თქმის გზით. ჩვენ კი სხვა გზას ვირჩევთ".

მასპინძელმა სი ძინპინმა ყურადღება დიდი სახელმწიფოების საერთო პასუხისმგებლობაზე გაამახვილა.

„კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში, სადაც ყველა ადამიანის ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ ერთად ვვითარდებით ან ვიტანჯებით, რადგან ერთიანი მომავლის მქონე საზოგადოებას წარმოვადგენთ... ურთიერთპატივისცემა დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის უმთავრესი პრინციპია", - თქვა სი ძინპინმა.

მოლაპარაკების შემდეგ გავრცელდა სამი ქვეყნის ლიდერების სამშვიდობო დეკლარაცია, რომელშიც მხარეებმა სტრატეგიული სტაბილურობისადმი ერთგულება დაადასტურეს. დოკუმენტში რამდენიმე საკვანძო საკითხია ასახული.

პირველია ბირთვული უსაფრთხოება. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს". სამივე ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის მიზნით დიალოგზე შეთანხმდა.

განიხილეს, ასევე, საერთაშორისო ინსტიტუტები და სასამართლოები. დეკლარაციის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები მხარს უჭერენ გაეროს რეფორმირებას. ამავდროულად, დოკუმენტში მკაფიო გზავნილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისამართით. (აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ტრამპმა ამ სასამართლოს „კონტროლიდან გასული" უწოდა).

„სამი სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფოების თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფოთა ოფიციალური პირების იმუნიტეტის დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ისინი თანხმდებიან, რომ სს საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა სტრუქტურებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილებები", - ნათქვამია დეკლარაციაში.

რაც შეეხება ენერგოუსაფრთხოებას, მხარეები შეთანხმდნენ ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდაზე ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ენერგომომარაგების სტაბილურობის მნიშვნელობა დაადასტურეს.

ორმხრივი შეხვედრები ისტორიული სამიტის წინ და დასავლეთის რეაქციები

სამმხრივ ფორმატამდე, შენჟენში ტრამპმა ცალ-ცალკე ორმხრივი შეხვედრები გამართა ჯერ პუტინთან, შემდეგ სი ძინპინთან. რუს კოლეგასთან დაახლოებით 40-წუთიანი შეხვედრის დაწყებამდე, ოთახში შესვლისას ტრამპმა მათ მრავალწლიან ურთიერთობას გაუსვა ხაზი.

„ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია... სასიამოვნოა თქვენი ნახვა", - განაცხადა ტრამპმა.

კრემლის ცნობით, ორმხრივი საუბრის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტი იყო, პუტინმა კი შეხვედრა „შესანიშნავ განწყობაზე" დატოვა.

ტრამპმა „მეგობარი" და „შესანიშნავი ლიდერი" უწოდა მასპინძელ სი ძინპინსაც. მასთან შეხვედრის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორმა ქვეყანამ სავაჭრო ტარიფები „სამართლიანად გაინაწილა", აეროპორტში მოწყობილ საზეიმო დახვედრას კი „დიდი პატივისცემა" და ორივე ქვეყნის „დიდი გამარჯვება" უწოდა. სი ძინპინმა დაადასტურა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები სტაბილურია და „პატივისცემის, სამართლიანობისა და ურთიერთგაგების" პრინციპებს ეფუძნება.

ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად" მოხსენიებამ დასავლელ პარტნიორებში მწვავე რეაქცია და შეშფოთება გამოიწვია.

ევროპელი ლიდერების განწყობა ყველაზე მკაფიოდ პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა გამოხატა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან".

  • ევროპელი ლიდერების განწყობა ყველაზე მკაფიოდ პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა გამოხატა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან."

ტრამპის რიტორიკას გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკიც და აღნიშნა, რომ პუტინისთვის მეგობრის წოდება მოკავშირეებში სერიოზულ კითხვებს აჩენს.

„მართლაც, რთულია განსჯა - შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ - მაგრამ პუტინის ჩახუტება და მისთვის მეგობრის წოდება გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. რადგან ჩნდება კითხვა: ვისთან უფრო მეტად მეგობრობს ის - პუტინთან თუ ჩვენს პრეზიდენტთან? და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ საქმე რთულ არჩევანზე მიდგება - რომელ მეგობარს აირჩევს?" - თქვა სიკორსკიმ.

შენჟენის შეხვედრა სამშვიდობო დეკლარაციითა და დიალოგის გაგრძელების პირობით დასრულდა, თუმცა უკრაინის ომის დასრულების კონკრეტული მექანიზმები კვლავ ღიად დარჩა. ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, გადაიზრდება თუ არა დიდი სახელმწიფოების დიპლომატიური ჟესტები რეალურ ნაბიჯებში, თუ ვაშინგტონსა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის უნდობლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×