
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, "ოცნების" ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებები რუსეთის ღიად მოკავშირე ბელარუსის დედაქალაქში გამართოს, ოპოზიცია მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მათი განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შეხვედრა არა ნეიტრალურ საერთაშორისო პლატფორმაზე, არამედ მინსკში იმართება, თანაც მოლაპარაკების დღის წესრიგი საზოგადოებისთვის უცნობია.
მინსკის შეხვედრა 19 ნოემბერს დაიგეგმა. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს ხვდება. ეს ზურაბაშვილისა და გალუზინის პირველი შეხვედრაა. გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძემ თანამდებობაზე 21 ოქტომბერს დანიშნა.
რატომ მინსკი
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მინსკის შეხვედრის ადგილად შერჩევა საქართველოსთვის სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა და ქვეყნის სუვერენიტეტს აზიანებს. მისი შეფასებით, ხელისუფლება ამით რუსეთის ნარატივს მიჰყვება და ნეიტრალურ საერთაშორისო პლატფორმაზე უარს ამბობს. ზაქარეიშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს საგარეო უწყებაში საკადრო ცვლილებების მიზნებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდია - მეტყველებს, რომ საქართველო რუსულ ნარატივს დათანხმდა. მინსკი რუსული ორბიტის ერთადერთი გამონაკლისი ქალაქია, რომელიც რუსეთის მოკავშირეობას არც მალავს. საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე ხვდება მინსკში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე ფორმალური დიალოგია და ხვდებიან რუსულ მოედანზე. ეს ძალიან ცუდად ჩანს მსოფლიოში, რომ საქართველო ნეიტრალურ მინდვრებს თმობს და თან თანხმდება მინსკზე - ამის გაკეთება რაში სჭირდებათ, არ მესმის.
- პაატა ზაქარეიშვილი: „ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდია - მეტყველებს, რომ საქართველო რუსულ ნარატივს დათანხმდა"
„დედამიწის ზურგზე ამდენი ქალაქია და რაღა მაინცდამაინც მინსკში მიდიან? საუკეთესო გამოსავალი პრაღაში შეხვედრა იქნებოდა, სადაც ამდენი წელი იმართებოდა შეხვედრები. თუ არა პრაღა, სხვა ნებისმიერი ნეიტრალური საერთაშორისო ქალაქი, მაგალითად, ვენა.
„შეხვედრის შინაარსს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს უკვე რუსული პოლიტიკის აყოლაა. მინსკი თავისი პრორუსულობით უკვე ჩრდილს მიაყენებს ნებისმიერ კარგ შინაარსსაც კი. ვინაიდან პირველი უპირატესობა უკვე რუსეთის მხარესაა, მინსკი მისი ქალაქია, ამიტომ, სამწუხაროდ, უკვე უნდა ვიგულისხმოთ, რომ შინაარსს რუსეთი წარმართავს. მინსკზე დათანხმებამ ქართულ სუვერენიტეტს უკვე დიდი დარტყმა მიაყენა. დიდი დარტყმა უკვე მიაყენა ქართულ სუვერენიტეტს მინსკზე დათანხმებამ. აშკარად ჩანს, რომ ეს რუსეთის წინადადებაა, რუსეთი დიდხანს ლაპარაკობდა მინსკზე.
„აშკარად ჩანს, რომ ეს ახალ კონტექსტში ხდება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმალური ურთიერთობები იკვრება და იკერება. აი, მაგალითად, ლაშა დარსალია რომ დაეპატიჟებინათ, რომელიც იყო ძალიან კრიტიკული და პრინციპული რუსეთის მიმართ - ასეთი ფორმატი რომ ყოფილიყო და ის დათანხმებულიყო, კიდევ გასაგებია, რომ ქართული პოლიტიკა პრინციპულ ღირებულებებს. როცა ვიცით ლაშა დარსალიას პრინციპულობა და ამ დროს არ ვიცით, არანაირად არ გაგვიგია ზურაბაშვილის პრინციპულობა თუ უპრინციპობა, ამ ფონზე აშკარად ჩანს, რომ თვითონ ლაშა დარსალიას გათავისუფლებაც რაღაცის ნაწილია. მარტო იმაზე კი ნუ ვილაპარაკებთ, ვინ დანიშნეს, არამედ იმაზეც, ვინ გაათავისუფლეს. ლაშას მიმართ ხომ რუსეთს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მინსკის შეხვედრის ადგილად შერჩევა რუსეთის მხარის კატეგორიული მოთხოვნა ყოფილიყო. მისი ვარაუდით, პრაღაში შეხვედრის გამართვა სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა და მხარეებმა დიალოგის ჩაშლის თავიდან ასაცილებლად მინსკზე კომპრომისი დაუშვეს. ამასთან, ანჯაფარიძე არ იზიარებს შეფასებას, რომ ეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„სიმართლე გითხრათ, არა მაქვს დეტალური ახსნა, თუ რატომ იქნა შერჩეული მინსკი, ვარაუდობ, რომ ეს ალბათ რუსული მხარის კატეგორიული მოთხოვნა იყო. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში რუსებს აღარ ჩაესვლებათ უკრაინაში ომის შემდეგ და როგორც ადრე ხდებოდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრების დროს, პრაღა ალბათ სხვადასხვა მიზეზების გამო არ გამოდიოდა. შესაბამისად, დარჩა მინსკის ვარიანტი და ამის გამო შეხვედრას ხომ არ ჩაშლიდნენ? იმიტომ, რომ შეხვედრა არ ჩაშლილიყო და სამომავლოდ ის მნიშვნელოვანი საკითხები არ გადადებულიყო, რაც სავარაუდოდ იგეგმება ამ შეხვედრაზე განსახილველად, ალბათ, ასეთი კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ეს ალბათ რუსული მხარის კატეგორიული მოთხოვნა იყო. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში რუსებს აღარ ჩაესვლებათ"
„ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმას, რომ ეს დიპლომატიური ურთიერთობების არღდგენაა. აღნიშნულზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ მოხდება, სანამ აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაცია და მათი აღიარების უკან წაღება არ მოხდება. მინსკში შეხვედრა არანაირი პარამეტრით არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, თუნდაც აი ძალიან ოპოზიციური პრიზმითაც რომ შეხედო ამ საკითხს, იმიტომ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სხვა წინაპირობები სჭირდება",- განაცხადა ანჯაფარიძემ.