
"თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, შენობის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე კომპანიის სპეციალისტებს ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე შესვლისა და ტერიტორიის დათვალიერების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მისცემიათ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან გაზის სუნთან დაკავშირებით არცერთი განაცხადი არ დაფიქსირებულა.
"ჩვენი თანამშრომლები ვერ შევიდნენ მისამართზე, დანგრეულია ბინები დაზიანების ხარისხის გამო. ჩვენ, მეორეს მხრივ, მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება. ჯერჯერობით ვერ დავათვალიერეთ და არ გვაქვს რაიმე ვერსია. ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ ფიქსირდება.
აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ როგორც გითხარით, არ გვქონია მისამართზე შესვლის შესაძლებლობა, ვეყრდნობით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გაჟღერებული," - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, აფეთქების ადგილას 7 პირის ძებნა გრძელდება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ნანგრევებიდან გამოყვანილია 4 პირი, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.
მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ღამით გაზქურის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გაზქურის ონკანი ღია დარჩა.