
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი მოამზადა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება - რა მნიშვნელობა აქვს ჩახვალ მინსკში თუ ჩახვალ მოსკოვში? - ასე აფასებს პარტია “თავისუფლების მოედნის“ წევრი გიორგი შაიშმელაშვილი რუსეთ-საქართველოს დიალოგის ახალ ფორმატში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოლაპარაკებების ქალაქ მინსკში გამართვას.
შაიშმელაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება და მოკლე დროში პროცესების ამ მიმართულებით მსვლელობა საგანგაშოა.
როგორც “თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, თუ ვრცელ სურათს შევხედავთ და ვნახავთ, როგორია “ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხის - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ყველაფერი გასაგები იქნება და ამ ფონზე შეხვედრა ბელარუსში ჩატარდება თუ პრაღაში, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.
“ქართული ოცნება“ რაღაცებს საჯაროდ ამბობს, ხოლო რაღაცები მათ მოქმედებებში იგულისხმება. ისინი ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთს მშვიდობის იძულების ოპერაციის ჩატარება მოუწია. ამ ხალხმა ეს ყველაფერი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში გააფორმა და ახლა აპირებენ ეს დასკვნა სასკოლო სახელმძღვანელოებში შეიტანონ. რაც მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ამ დასკვნას ეფუძნება. “ქართულმა ოცნებამ ყველაფერი მოამზადა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება.
დღემდე რატომ არა გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და რატომ გახდა საჭირო იგივე კარასინ-აბაშიძის ფორმატი ან რატომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევაში? ამის ერთადერთი მიზეზი არის ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი - 2008 წლის ომი. აგვისტოს ომზე ასეთი დამოკიდებულება არის, ხოლო მეორეს მხრივ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, კულტურულ და ასე საკითხებზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსი ტურისტების გარეშე ვერ გადარჩება, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა რუსულ ბაზარს აქვს. თუ რუსეთზე ამ ხარისხით ხარ დამოკიდებული და შენთვის ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული ინტერესის საგანი არ არის, მაშინ ბუნებრივია, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა გააღრმაო, რათა კიდევ უფრო მეტი ბენეფიტი მიიღო იმ სივრცეში, რაც შენი ინტერესის სფეროა. მათი ინტერესის სფერო კი არის სწორედ ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი, რასაც პირადად ივანიშვილი და მის ირგვლივ არსებული ოლიგარქები რუსეთთან ურთიერთობების შედეგად იღებენ. უბრალოდ, მათი პრობლემა არის ის, რომ ყვარყვარე თუთაბერები ამ ქვეყნის უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ არიან და ყველაფერს მხოლოდ მატერიალურ ურთიერთობებამდე ვერ დაიყვან - ამ ქვეყანას ჰყავს 200 000 დევნილი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.
პარტია “თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს დიალოგის ახალი ფორმატით მნიშვნელობა ეკარგება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, სადაც საქართველო მარტო არ არის. შაიშმელაშვილის თქმით, რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის წარმოდგენილი.
“რუსეთთან მთავარი პრობლემა არის მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათ მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება. თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებში ამ საკითხს არსებითად არ აყენებს და პირველ რიგში, ამაზე არ ლაპარაკობს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი იქნება. არსებით საკითხებზე რუსეთთან სალაპარაკოდ ჟენევის ფორმატი არსებობს, სადაც საქართველო მარტო არ არის და წარმოდგენილია პარტნიორებთან ერთად. ამიტომაც აბაშიძე - კარასინის ფორმატი მკაცრად იყო შემოსაზღვრული ეკონომიკური, კულტურული, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხებით და არა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებით, რადგან ეს ჟენევის პრეროგატივა იყო.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვართ წარმოდგენილი, რუსეთისათვის გამაღიზიანებელი ფაქტორია. სამაგიეროდ, ივანიშვილმა და კობახიძემ ისეთი ფორმატი შექმნეს, სადაც საქართველო რაღაც ისეთს მიიღებს, რაც ვერ მოახერხა ზვიდ გამსახურდიამ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტობის პირველ ფაზაში ამის მცდელობები ჰქონდა, ვერ მოახერხეს მათ შორის “ქართული ოცნების“ სხვა პრემიერ-მინისტრებმა და რატომღაც ამას ირაკლი კობახიძე გააკეთებს!“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.