
„სამხრეთ ოსეთი“ შეეცდება, მიაღწიოს კონსენსუსს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ჩატარების ადგილის შეცვლის თაობაზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ცხოვრებოვმა განაცხადა.
„ვეცდებით სხვა მონაწილეებთან კონსენსუსის მიღწევას საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის ჟენევიდან სხვა ქვეყანაში გადატანის საკითხზე, რომელიც ნამდვილად ნეიტრალური პლატფორმა იქნება“, - განაცხადა ცხოვრებოვმა.
მისი თქმით, შვეიცარიაში საერთაშორისო დისკუსიების ჩატარების საკითხი კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის ერთ-ერთი მიზეზია შვეიცარიაში ახლახან ჩატარებული რეფერენდუმიც, რომელზეც კენჭისყრაზე სახელმწიფოს ნეიტრალური სტატუსის მომავალთან დაკავშირებული საკითხი იყო გამოტანილი, თუმცა, ცხოვრებოვის მტკიცებით, “მოქალაქეთა უმრავლესობამ ქვეყნის ნეიტრალიტეტს მხარი არ დაუჭირა”.
მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე „სამხრეთ ოსურმა მხარემ“ ყურადღება ასევე გაამახვილა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, რომელიც ამავდროულად შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა, “სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტზე”.
„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ გარემოებაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც პოსტკონფლიქტური მოწესრიგების პროცესში შუამავლის ვალდებულებები იკისრეს, მხარეების მიმართ თანაბრად დისტანცირებული პოზიციაც უნდა დაიკავონ. მოცემულ შემთხვევაში კი ამას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა ცხოვრებოვმა.