
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ უმძიმეს ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან, შატბერაშვილები. ისინი ბორჯომში, წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ სოფელ დაბაში ცხოვრობდნენ.
გლოვობენ ადგილობრივები გარდაცვლილებს და ყველა შეძრულია მომხდარით.
"ჩემი თანასოფლელები არიან დაღუპულები, საუკეთესო ოჯახი, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. დაიქცა ეს უკარგესი ოჯახი. მე ახლა თბილისში ვარ და აქ, სოციალური ქსელით გავიგე მომხდარი. ეს დიდი ტრაგედიაა. როგორც გავიგე, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები ყოფილან მანქანაში. შატბერაშვილები არიან. ლია და როლანდ შატბერაშვილებს ჩვენთან ყველა იცნობს და ყველა პატივს სცემს, ისინი არიან გარდაცვლილები და ასევე გარდაცვლილია საუბედუროდ მათი შვილიშვილი, ისიც ადგილზე დაღუპულა, როგორც გავიგეთ, მანქანაში ყოფილა მეორე შვილიშვილიც, ისიც მძიმედ დაშავდა და გადმოუყვანიათ თბილისში. იმედია გადარჩება. არ ვიცი სხვა რა გითხრათ. ძალიან დიდი ტრაგედიაა, მეტს ვერაფერს გეტყვით”- განუცხადა "კვირის პალიტრას" შატბერაშვილების მეზობელმა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება თხოვნა, რომ ყველამ ერთად ილოცონ დაშავებული გოგონას გადარჩენისთვის. „მძიმე ღამე დაგვიდგა... საოცარი ოჯახი გაუბედურდა. ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას და მისი და ძალიან მძიმედ არის. გეხვეწებით არ დაიზაროთ, უნდა ვილოცოთ ბარბარეს გადარჩენისთვის. 10 წუთში ვიწყებთ ღვთისმშობლის დაუჯდომელს კითხვას ბარბარეს გადარჩენისთვის. გთხოვთ, არ დაიზაროთ, შემოგვიერთდით, რომ დედაღვთისას შევევედროთ მეორე შვილი უცოცხლოს საოცარ, მაგრამ გამწარებულ დედ-მამას. გთხოვთ, წაიკითხეთ ჩვენთან ერთად. ერთად ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ბარბარეს გადარჩენისთვის“, - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც ამბობენ, დაშავებული გოგონა არასრულწლოვანია და ის ხაშურის "ევექსის" კლინიკიდან რეანიმობილით იაშვილის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.
კვირის პალიტრა