
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პარტია „გირჩის“ ოფისის ჩხრეკის ოქმებს აქვეყნებს, რითაც ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში გაჟღერებულ განცხადებას, რომ „დროას“ და „გირჩის“ ოფისიდან „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს.
ჯაფარიძის თქმით, ოქმში დაფიქსირებულია ყველაფერი, რაც ოფისიდან ამოიღეს და მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილები“ არ არის.
ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის მიზნის მისაღწევად პროკურატურას იყენებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში, გუშინ, მე და მელიას რომ ვერ გვარჩევს იმ კაცს უთქვამს რომ „დროას“ და „გირჩის“ ოფისიდან „მოლოტოვის კოქტეილები“ იქნა ამოღებულიო.
გუშინვე გიგა ლემონჯავამ უპასუხა, რომ ეს არის ტყუილი. რასაც მოჰყვა პროკურატურის განცხადება - კიო, ამოვიღეთო, ბენზინი და „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი „სხვა არტრიბუტიკაო”.
რამდენიმე კითხვა სანამ ტყუილის მტკიცებულებებზე გადავალ:
ჩვენს ოფისში თუ „მოლოტოვის კოქტეილები“ იპოვეს, ეს რატომ არ იქნა წარმოდგენილი როგორც მტკიცებულება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე? მთელი ზაფხული სასამართლო მოსმენებში გავატარეთ და იქ არავის უხსენებია, რომ ჩვენს ოფისში რამე მსგავსი იყო ნაპოვნი. არადა ეგ საქმე სწორედ მაგაზეა - რომ ძალადობრივ დამხობას ვაორგანიზებდით ყველა ერთად. ბათუმში უნდა ვიგებდეთ ამას?
ჩვენი ოფისი იყო ვერაზე. კოალიციის ოფისი ბესიკის ქუჩაზე. მართლა რომ დაგვემზადებინა „მოლოტოვის კოქტეილები“, ვერაზე და გლდანში რატომ გავაკეთებდით ამას, როცა რუსთაველის გამზირიდან 50 მეტრში გვქონდა ოფისი სადაც იმ დღეებში (და ღამეებში) ვიყავით 24/7-ზე?
ჩვენს ოფისს 24/7-ზე უყურებდა სუს-ი. გარშემო პერიმეტრზე არის უამრავი კამერა. ჩვენს ოფისში ეყენა კამერები, რომლებიც იღებდნენ ყველაფერს რაც ხდებოდა ოფისის შიგნით. ერთი „მოლოტოვის“ დამზადების ჩანაწერი მაინც რომ ყოფილიყო დაფიქსირებული ამ კამერების ჩანაწერში, ან ერთი შემთხვევა მაინც რომ დაფიქსირებულიყო რომ ვინმე გასულიყო ჩვენი ოფისიდან „მოლოტოვით“ შეიარაღებული (ჩვენი ოფისიდან გასულებს რეგულარულად აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ, ხანდახან იტაცებდნენ კიდეც), ბათუმში ჭორაობამდე ამას ხომ ყველა ვნახავდით იმედის სპეცეთერში?
ახლა მტკიცებულებები. აქ დევს ჩვენი ოფისის ჩხრეკის ოქმის სქრინები, სადაც დაფიქსირებულია ყველაფერი რაც ამოიღეს და წაიღეს (საბოტაჟის საქმის მასალებშია)
მეტალისა და პლასტმასის ქილები საღებავით 2. ლაზერები 3. პულვიზატორები 4. დროშის ტარები 5. კომპიუტერები, ლეპტოპები, ფოტოაპარატები 6. პნევმატიკური ჩაქუჩები 7. ფეიერვერკები 8. ვიდეოკამერა 9. როუტერები 10. აირწინაღები და პირბადეები 11. ბუშტები 12. სათვალეები 13. ბენზინი ბიდონებში 14. ‘ლაგარტკა’ (1 ცალი)15. ხმის გამაძლიერებლები 16. პარალონები 17. მუყაოს ფურცლები 18. გამათბობლები 19. აკუმულატორები 20. კარვები 21. მეტალის კარვის კონსტრუქციები 22. საწვიმრები ყუთებში 23. საწვიმრები ჩანთებში 24. დინამიკები 25. ელ. სადენები, კაბელები 26. მუყაოს ქაღალდის დიდი ხვეულა 27. ელ. გენერატორები 28. პლაკატები 29. მაისურები
არაფერი სხვა ოფისიდან არ ამოღებულა. ამ ოქმს ხელს აწერს შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი.
„მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებას სჭირდება ბენზინი, შუშის ბოთლი და დახეული ნაჭერი.
ამ სამიდან ოფისში იყო მხოლოდ ბენზინი, რომელსაც ვიყენებდით 1. გენერატორებისთვის, რომლებიც გვჭირდებოდა ხოლმე ხმის გამაძლიერებლისთვის 2. თსუ-სთან 3. ღამისთევის დროს ელექტრო გამათბობლებისთვის
არცერთი ბოთლი (ან რამე მსგავსი), ისევე როგორც არანაირი დახეული ნაჭრები (ან რამე მსგავსი) ოფისიდან არ ამოღებულა
ანუ, არანაირი „სხვა ატრიბუტიკა” ოფისში არ ყოფილა. ამ ჩამონათვალით „მოლოტოვის კოქტეილი“ არ იწყობა.
დაუჯერებელია, მაგრამ მგონი პროკურატურას იყენებენ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის - ამ შემთხვევაში პარტიების აკრძალვის მიზნის მისაღწევად. აფსუს, რას დაამსგავსეს ფარცხალაძის მიერ საათივით აწყობილი უწყება“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.