
ესენი [ოჯახის წევრები] არიან ტიპური მანიპულატორები, დარწმუნებული ვარ, რომ ნია იმნაძე ამ გარემოცვაში სხვაგვარი ვერ გაიზრდებოდა, მას სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა დაუშავეს, მისგან გამოცდილი მანიპულატორი ჩამოაყალიბეს,- ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.
ის სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც მისი შვილის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის
სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლოს შენობაში მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რასაც ეკა კუპატაძე განმარტავს და აღნიშნავს, რომ ეს ნია იმნაძის ოჯახისა და მისი ადვოკატის პროვოკაცია იყო.
„იმნაძის ოჯახის წევრები, მისი ადვოკატი, არიან ტიპური მანიპულატორები. მანიპულაციით ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილის წაქეზება მოახერხა და გიგა მოაკვლევინა. დღეს კი, მანიპულაციით, ნია იმნაძის ადვოკატმა და მისმა ოჯახის წევრებმა მოახერხეს პროვოკაცია მოეწყოთ. იმნაძის ოჯახის წევრები მოვიდნენ, დადგნენ სასამართლო დარბაზის შორი-ახლოს, დემონსტრაციულად იდგნენ, სიტყვიერი დაპირისპირებაც ჰქონდათ. მამიდები ვართ და შეგვიშვით, დაგვანახეთ, გვაყურებინეთო, ესენი არიან ტიპური მანიპულატორები, დარწმუნებული ვარ, რომ ნია იმნაძე ამ გარემოცვაში სხვაგვარი ვერ გაიზრდებოდა, მას სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა დაუშავეს, მისგან გამოცდილი მანიპულატორი ჩამოაყალიბეს... მანიპულაცია მხოლოდ საუბრით არ ხდება, ხდება ჟესტიკულაციით, თუნდაც დგომით, თუნდაც, თვალი-თვალში გაყრით. ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი ისე უყურებდა ჩემს შვილს, ნიკა ავალიანს სასამართლო დარბაზში შესვლისას, მეც ჩამაგდო აფექტურ მდგომარეობაში და წყობიდან გამომიყვანა. დიახ, ამით დასტურდება, რომ ნია იმნაძე ვერ გაიზრდებოდა სხვანაირი.
[რაც შეეხება დიდი დიღმის ეპიზოდს], სასამართლომ ორივე დამნაშავედ ცნო. ჩემთვის ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დიახ, ვისთვისაც დანაშაული ნორმაა, მან უნდა იცოდეს, რომ დანაშაული და ძალადობა ნორმა არ არის. თუ ხელს აწერ დანაშაულს, ანუ სჩადიხარ, მზად უნდა იყო იმისათვისაც, რომ პასუხი მოგეთხოვოს",- განაცხადა კუპატაძემ.
ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.