
ყველა პატიმარს აქვს უფლება, რომ ციხიდან დარეკოს ჩემს გარდა, ყველა პატიმარს აქვს წერილის გაგზავნის უფლება ჩემს გარდა - მაცოფებს დაჩაგვრის მცდელობა, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, კომუნიკაციას უკრძალავენ, რათა მოწმეებზე ზეწოლა არ მოახდინოს, თუმცა მის საქმეში მოწმე არ არსებობს.
„მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც სამართლიანობის განცდა გვექნება, გვქონდეს განცდა, რომ ვინმე არ დაიჩაგრება, სახელმწიფო კონკრეტულ ადამიანებს ამოჩემებულად არ ჩაგრავს და არ ცდილობს, რომ გაამწაროს, უფლებები აართვას, არ იძალადოს. ერთი წელია ვარ მკაცრი რეჟიმის ციხეში და ერთი წელია აკრძალული მაქვს ჩემი ოჯახის წევრებთან ნებისმიერი კომუნიკაცია. პროცესზეც იმიტომ მოვდივარ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ვნახო, ახლობლები ვნახო. აკრძალული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ყველა პატიმარს აქვს უფლება, რომ ციხიდან დარეკოს ჩემს გარდა, ყველა პატიმარს აქვს წერილის გაგზავნის უფლება, ჩემს გარდა, ერთი სიტყვის გაგზავნის უფლებაც არ მაქვს, ერთ ფურცელს ვერ ვაგზავნი, მჩხრეკენ. თურმე იმიტომ, რომ მოწმეზე არ მოვახდინო ზეწოლა. ჩემს თავს რომ არ ხდებოდეს ეს ამბავი, მოვკვდებოდი სიცილით. არ არის ეს სასაცილო, მაცოფებს დაჩაგვრის მცდელობა. ჩემს საქმეში მოწმე არ არსებობს. პროკურატურა ორ დღეში ერთხელ მიგრძელებს ყველანაირი კომუნიკაციის აკრძალვებს და მოწმე არ არსებობს. ოთხფეხა ძაღლია[მოწმე], არაფერს არ ვაჭარბებ, ვისაც ეჭვი ეპარება, წაიკითხოს საქმე. მივმართავ პროკურატურას, სერიოზულად ამტკიცებთ, რომ მე შეიძლება ციხიდან ძაღლს დავურეკო და დაველაპარაკო, ზეწოლა მოვახდინო? ან წერილი გავუგზავნო ძაღლს?
პენიტენციური სამსახურის დირექტორი, გლდანის ციხის დირექტორი არის გარეთ ეს დღეები და რა დარწმუნებული ხართ, რომ ისინი ახლა ზეწოლას არ ახდენენ მოწმეებზე? იმ დანაშაულში ათობით ადამიანია ჩართული იმ ორის გარდა და ამ ადამიანებზე ძალიან მარტივად შეუძლიათ ზეწოლა. პროკურატურამ ხმა რატომ არ ამოიღეთ ამაზე, რატომ არ გაასაჩივრეთ? ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობდნენ, ახლა არიან გარეთ და უდიდესი რისკია, რომ ზეწოლა მოახდინონ. მკაცრი რეჟიმის პატიმარს რომ მიკრძალავთ კომუნიკაციას, პატარიძეს და ფირცხალავას რატომ არ უკრძალავთ?“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის დროს მოსარჩელე მხარე და მოსამართლეები ტერორისტად მოიხსენიებენ.
„სარჩელი დაწერა მმართველმა პარტიამ, ხუთი პარტიის გაუქმებას მოითხოვს და ერთ-ერთი პარტია არის „ლელო“ . „ლელოს“ ედავება, რომ რახან ელისაშვილი ტერორისტია, ამიტომ თქვენი პარტია უნდა გაუქმდესო, მაგრამ მე „ლელოს“ წევრი არასდროს არ ვყოფილვარ და მერე, კოალიციურ სიაში რახან იყოო, ეგრე ერთი ბატალიონი „ნაციონალი“ გყავთ სიაში და მთავრობაში და მაშინ თავისი თავი თვითონ უნდა გაიუქმონ. ყველაზე მთავარი, ტერორისტად მომიხსენიებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სასამართლო პროცესზე. გასაგებია, რომ მას დავალება აქვს და სინდისი ნატამალი არ აქვს, მაგრამ მოსამართლეები „ლელოს“ წევრებს ეკითხებოდნენ გუშინ, ელისაშვილი რომ ტერორისტია, მისი ქმედებებს რატომ არ გაემიჯნეთო, რას ნიშნავს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია მოსამართლეებს უნდა ვასწავლო? ასეთი გამაოგნებელი ქვეყანა მივიღეთ. არადა პარალელურად გუშინ, აპელაციაში ვიყავი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.