
უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვისა და საბრძოლო ავიაციის მოდერნიზაციის პროცესში ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი F-16 კვლავ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. 2026 წლის 17 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ თავდაცვის საკითხებში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის") შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს დამატებით 40 ერთეული F-16-ის გადაცემის საჭიოროებაზე განუცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, F-16 ძლიერი ავიაგამადგურებელია, მაგრამ ასევე, მას ბევრი ტექნიკური მომსახურება სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის F-16-ები, რომლებიც ახლა გვყავს და რომლებიც რუსულ „შაჰედებსა" და რაკეტებს აგდებენ, ხმელეთზე უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ჰაერში. ამიტომ, მეტი F-16 გვჭირდება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამ გამანადგურებლების საბრძოლო ეფექტურობას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. მწარმოებელი კორპორაციის დოკუმენტის მიხედვით, უკრაინულმა F-16-ებმა ჯამში დაახლოებით 4 700 შემტევი დრონი გაანადგურეს, საიდანაც 1 100 ერთეული მხოლოდ 2026 წლის ოქტომბერში ჩამოაგდეს.
აღნიშნულმა მოთხოვნამ კიდევ ერთხელ წამოსწია წინა პლანზე საკითხი, რატომ კეთდება ძირითადი აქცენტი სწორედ ამ პლატფორმაზე და რა ობიექტური სამხედრო-ტექნიკური ფაქტორები განაპირობებს მის შეუცვლელობას. ტექნიკური მომსახურების ფაქტორი და ფლოტის როტაცია სამხედრო ანალიტიკოსებისა და დასავლური გამოცემების შეფასებით, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ უკრაინისთვის ევროპელი მოკავშირეების მიერ გადაცემული F-16 მოდიფიკაციები უკვე მრავალი წლის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში.
როგორც Defence24 იტყობინება, ეს თვითმფრინავები ინტენსიურად გამოიყენება და შემოწმება უნდა ჩატარდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ბელგიაში. ეს ნიშნავს თვითმფრინავების დროებით ამოღებას საბრძოლო ოპერაციებიდან.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რამდენი თვითმფრინავი გადის ამჟამად რემონტს და როგორია უკრაინის F-16-ების ფლოტის ოპერატიული მზადყოფნის მაჩვენებელი, თუმცა, მისი განცხადება სწორედ ამაზე მეტყველებს - იმისათვის, რომ ჰაერში მუდმივად იყოს საკმარისი რაოდენობის ბორტი, აუცილებელია რეზერვის გაზრდა.
უნივერსალურობა და დასავლურ შეიარაღებასთან სრული თავსებადობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და საჰაერო ძალების ოფიციალური შეფასებებით, F-16 არის უნივერსალური პლატფორმა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს უკრაინის შეიარაღებაში არსებული ყველა ძირითადი საბჭოთა თვითმფრინავის ფუნქციებს.
ჯერ კიდევ 2023 წელს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მაშინდელმა სპიკერმა იური იგნატმა F-16-ის უპირატესობებზე ისაუბრა. „უკრაინის არსებულ არსენალში ოთხი ძირითადი ტიპის საფრენი აპარატია: Su-24, Su-25, MiG-29 და Su-27. ამ ყველა ტიპის საფრენი აპარატის ჩანაცვლება შესაძლებელია ერთი მრავალფუნქციური თვითმფრინავით - F-16-ით", - განაცხადა იგნატმა.
ამასთან, F-16-ს სრულფასოვნად შეუძლია გამოიყენოს ნატოს სტანდარტის მაღალი სიზუსტის მართვადი ბომბები, ანტისარადარო რაკეტები და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები. გლობალური ხელმისაწვდომობა და ლოგისტიკური ჯაჭვი საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებისა და მათი სათადარიგო ნაწილების მარაგი მსოფლიოში პრაქტიკულად ამოწურულია, რუსეთისგან მათი შეძენა კი შეუძლებელია.
ამ ფონზე, F-16 მსოფლიოში ყველაზე მასობრივი მეოთხე თაობის გამანადგურებელია. ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ექსპლუატაციაში მყოფი თვითმფრინავების რაოდენობა დაახლოებით 2 800 ერთეულია და ოპერირებს 29 ქვეყანაში.
გარდა ამისა, ნატოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) ოფიციალური მონაცემებით, ევროპული ქვეყნები: ნიდერლანდები, დანია, ბელგია და ნორვეგია - საკუთარ საჰაერო ფლოტს მეხუთე თაობის F-35 გამანადგურებლებით ანაცვლებენ, რაც ათავისუფლებს F-16-ების დიდ რესურსს, სათადარიგო ნაწილებსა და საბრძოლო მასალას.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მუშაობს სხვა ევროპული გამანადგურებლების, შვედური Gripen-ისა და ფრანგული Rafale-ის მიღებაზეც, მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია დიდ დროს მოითხოვს. როგორც ზელენსკიმ ბრიუსელში აღნიშნა, Rafale-ის ათვისებას ხანგრძლივი წვრთნა და ინფრასტრუქტურული მომზადება სჭირდება. ამ ეტაპზე სწრაფ ოპერატიულ ალტერნატივად განიხილება მხოლოდ ფრანგული Mirage, რომლის „გამოყენება ახლავეა შესაძლებელი" და უკვე ათვისებული F-16, რომლის პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადების სისტემა 2023-2024 წლებიდან უკვე გამართულად მუშაობს.
როგორც იკვეთება, F-16-ზე გაკეთებული მთავარი აქცენტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს პრაგმატული სამხედრო გათვლაა. უნივერსალურობა, დასავლურ შეიარაღებასთან სრული თავსებადობა, გლობალური ლოგისტიკური ქსელი და უკვე არსებული საბრძოლო გამოცდილება F-16-ს ერთადერთ პლატფორმად აქცევს, რომელსაც უმოკლეს ვადაში შეუძლია უკრაინის მოძველებული საბჭოთა ავიაციის სრულფასოვანი ჩანაცვლება და ქვეყნის ცის საიმედოდ დაცვა.