
ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ისტორიული პროცესია, თუმცა აქ საქართველო არ იგონებს ახალ ველოსიპედს. ეს არის თავდაცვითი დემოკრატიისთვის აპრობირებული მიდგომა არაკონსტიტუციური პარტიების მიმართ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
დავით მათიკაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში 150-ზე მეტი პარტია აიკრძალა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ის, რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიული პროცესის ნაწილია.
„მინდა ამომრჩეველს შევახსენო, თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე. პროცესი, რომელიც არის „ნიურნბერგის სასამართლო“ პროცესად მიჩნეული. სამი წელია, რაც უკრაინაში 22 პოლიტიკური პარტია აიკრძალა. აიკრძალა 8 პოლიტიკური პარტია მოლდოვაში და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ევროპაში 150-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული. იმიტომ დავიწყე ამ შესავლით, რომ ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ისტორიული პროცესია, თუმცა აქ საქართველო არ იგონებს ახალ ველოსიპედს. ეს არის თავდაცვითი დემოკრატიისთვის აპრობირებული მიდგომა არაკონსტიტუციური პარტიების მიმართ.
ამომრჩევლისთვის კიდევ ერთხელ ხდება იმის დადასტურება, თუ რაოდენ ძალადობრივ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ დანაშაულებრივ ძალებთან ჰქონდა ჩვენს ამომრჩეველს საქმე, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ 2003-2012 წლებში და როდესაც ისინი ოპოზიციაში იყვნენ 2012 წლიდან დღემდე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც პოლიტიკური ველი ამ პარტიებისგან გათავისუფლდება.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, საზოგადოება უყურებს მოპასუხე მხარის უტიფარ მცდელობას - აარიდონ თავი კონკრეტულ კითხვებს.
მისი თქმით, ეს კითხვები ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო არ არის. იმიტომ, რომ ყველა ხედავდა დანაშაულებს, რომელთაც აღნიშნული პარტიები სჩადიოდნენ.
„კიდევ ერთხელ უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება საზოგადოებისთვის ის უბედურება და ანტიკონსტიტუციურ ჭრილში არსებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ის ქმედებები, რომელიც მათ საქართველოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ აქვთ ჩადენილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.