თამარ ოყუჯავა
18.11.2026

2026 წლის 19 ნოემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შენჭენში დიპლომატიური შეხვედრა გაიმართება. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის 33-ე სამიტის ფარგლებში, ერთ მაგიდასთან პირველად შეიკრიბებიან მსოფლიოს სამი უმსხვილესი სახელმწიფოს ლიდერები: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

„19 ნოემბერს, პრეზიდენტი სი ძინპინი შენჭენში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ-რუსეთ-აშშ-ის სამიტს გამართავს", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შეხვედრის თარიღი დაადასტურა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც.

პეკინის პოზიციით, შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა და ის ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

„ეს იქნება ისტორიაში ჩინეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მეთაურების პირველი პირისპირ შეხვედრა. ისინი საფუძვლიანად განიხილავენ მსოფლიო მშვიდობის დაცვასა და წამყვან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში სტრატეგიული სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხებს.

ამ შეხვედრას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები გაერო-ს დამფუძნებელი სახელმწიფოები და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. ისტორიულად, ეს სამი ქვეყანა გვერდიგვერდ იბრძოდა მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვებისთვის", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრის უმთავრეს პრიორიტეტად ბირთვული არსენალის შემცირებასა და შეიარაღებაზე კონტროლს განიხილავს. მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ამოეწურა, ვაშინგტონს სურს, რომ ახალ შეთანხმებაში ჩინეთიც ჩაერთოს.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავს მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს. პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება ძალიან სახიფათოა", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა.

რუსული მხარე მოახლოებულ სამმხრივ სამიტს გლობალური ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური რისკების დაბალანსების შესაძლებლობად აფასებს. ბიზნეს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა წამყვანი ეკონომიკების ლიდერებს აძლევს საშუალებას, ერთ მაგიდასთან გაცვალონ მოსაზრებები, გადაჭრან ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი უთანხმოება პოლიტიკაში, ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში კომპრომისების ძიებითა და ინტერესების დაბალანსებით და ერთად იმუშაონ გლობალური მდგრადი განვითარების საფუძვლების გასაძლიერებლად.

„ამიტომ დიდ პოტენციურ სარგებელს ველოდები რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის მოახლოებული სამმხრივი შეხვედრისგანაც, რომელიც APEC-ის სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი", - აღნიშნა პუტინმა.

მოახლოებულ სამმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით ევროკავშირის დედაქალაქებში განსაკუთრებული სიფრთხილე და შეშფოთება იგრძნობა. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის, მოსკოვისა და პეკინის ლიდერების ერთობლივი ფორმატი უსაფუძვლოდ ზრდის რუსეთის საერთაშორისო სტატუსს.

„ვფიქრობ, რუსეთის გლობალური ზესახელმწიფოს პოზიციამდე აყვანა ზედმეტია, რადგან რუსეთი უკვე დიდი ხანია, აღარ არის ასეთი. ეს უნდა იყოს შეხვედრა ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამკუთხედში", - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ შენჭენის სამმხრივ სამიტთან დაკავშირებით მხარეებისა და საერთაშორისო აქტორების მოლოდინები განსხვავებულია, ფაქტია, რომ ეს შეხვედრა გლობალური პოლიტიკის გარდამტეხ მომენტს ასახავს. 19 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგისა და გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×