თამთა ჩაჩანიძე
18.11.2026

"ქართულ ოცნებასა" და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა თანდათან მწვავდება, მხარეები ურთიერთკრიტიკას არ წყვეტენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბრიუსელისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს კვლავ აკეთებენ. ამჯერად სამიზნე ევროკავშირის ელჩია, რომლის პოზიციასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილი საჯაროდ აკრიტიკებს.

პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩისგან 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობას მოითხოვს და აცხადებს, რომ სანამ ელჩი ამას პირადად არ გააკეთებს, მას თავდასხმის მხარდამჭერად და მონაწილეთა დამცველად მიიჩნევს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ელჩის დუმილი მომავალში ძალადობის წახალისებას ნიშნავს და ამ საკითხზე მის პირად პასუხისმგებლობასაც აყენებს.

"რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს არის, სწორედაც რომ, ტესტი... რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ესე იგი სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი აქედან მოგებაში იქნება." - ამბობს შალვა პაპუაშვილი

სადამდე გამწვავდება ურთიერთობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობის გადატანას ბრიუსელზე ცდილობს და ამით საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბის. მისი შეფასებით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების გამო დათმობებზე წასვლას არ აპირებს, რის გამოც დაპირისპირება შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს, მათ შორის ევროკავშირის ელჩის გაწვევამდეც მივიდეს.

  • ნიკა ჩიტაძე: "არაფერი არაა გამორიცხული,(ელჩის გაწვევის) ამის შესაძლებლობა არსებობს და შეიძლება აქამდეც მივიდეს საქმე"

"ესაა აქეთ დაბრალება, რომ თითქოს თვითონ ევროკავშირმა გააუარესა და გაართულა ურთიერთობა საქართველოსთან, თორემ "ოცნების" ხელისუფლება არაფერ შუაშია. ბუნებრივია, "ქართული ოცნება" არასდროს არ აღიარებს, რომ თვითონ არ გმობს ძალადობას, როდესაც 300-ზე მეტი ადამიანი დასისხლიანებული იყო, როდესაც, მაგალითად, სადარბაზოებთან ხვდებოდნენ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, ან ურეკავდნენ და ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ მათი შვილისან ოჯახის სხვა წევრი დემონსტრაციაზე არ გასულიყო. როდესაც, მაგალითად იგივე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე, როცა მათ უწოდებენ უსამშობლოებს და ფულზე გაყიდულებს.

"ევროკავშირის ელჩისგან არაფერს საპასუხო ნაბიჯს არ ელოდებიან, უბრალოდ ეს არის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მაგას არ ელოდებიან, რომ დაგმობს, უბრალოდ და აქეთ თვითონ რომ დააყენონ პრეტენზია, რომ ვთქვათ მოძალადე ჩვენ კი არ ვართ, არამედ ევროკავშირი არის მოძალადე.

"როგორც ჩანს. ასეთი მწვავე ურთიერთობა დიდი ხანი იქნება - ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მაგალითად, დემოკრატიული არჩევნები რომ ჩაატაროს, ბუნებრივია გამარჯვება გაუჭირდება. ხელისუფლების მიზანი არა საქართველოს ინტერესი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ჩიტაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ ურთიერთობა იმ დონემდე გამწვავდეს, რომ ევროკავშირმა ელჩი საერთოდაც გაიწვიოს.

"არაფერი არაა გამორიცხული, ამის შესაძლებლობა არსებობს და შეიძლება აქამდეც მივიდეს საქმე. ელჩი არის ევროკავშირის წარმომადგენელი და მასთან ურთოერთობის უკიდურესად დაძაბვა ნიშნავს ევროკავშირთან დაძაბვას",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩმა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა უნდა დაგმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თანასწორი პარტნიორობის პრინციპის დარღვევა და ორმაგი სტანდარტი იქნება. მისი თქმით, საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს არავის დაუთმობს და ბრიუსელის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას არ შეეგუება.

"ეს არ არის კონკრეტულ დანაშაულზე რეაგირება ევროკავშირის მხრიდან. ეს ფუნდამენტური საკითხია, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, მის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტზე, სიმბოლოზე თავდასხმას. ასეთი რამ რომ მომხდარიყო პარიზში, პრაღაში თუ მადრიდში, ვიცით, როგორი მყისიერი რეაქცია ექნებოდათ. ზოგადი ფრაზებით საუბარი, რომ ძალადობას გმობენ, ისეთივე შეურაცხმყოფელია, როგორც ზოგადად მოსაწვევის გამოგზავნა ბრიუსელის ამასწინანდელ მინისტერიალზე ელჩის მონაწილეობით.

"როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები ხაზგასმით ამბობენ, რომ როდესაც საუბარია თანასწორ პარტნიორობაზე, პარტნიორ ქვეყანაში მომხდარი ამგვარი უმძიმესი დანაშაული უნდა დაიგმოს და გამორიცხულია ყოველგვარი ორმაგი სტანდარტი და ზოგადი განცხადებები.

"შესაბამისად, ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ფაქტის აღიარება. ამას უნდა შეეჩვიონ თავად ევროკავშირში და იმასაც უნდა შეეჩვიონ, რომ შუა დერეფანში საქართველოს უკავია საკვანძო როლი და მისი რაღაც ელექტრონული რუკებიდან ამოღება, თითქოს შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყანა არ არის და მსგავსი ბავშვური თამაშები მიუღებელია.

  • გია აბაშიძე: "ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ფაქტის აღიარება. ამას უნდა შეეჩვიონ თავად ევროკავშირში"

"თანაც რა კონტექსტში ხდება ეს: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საგარეო სამსახური და მისი ხელმძღვანელი, კაია კალასი, საკმაოდ დამცირებულნი არიან საერთაშორისო ასპარეზზე - მანამდე უკრაინის მოლაპარაკებიდან მისი გამორიცხვით და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მოგვარების პროცესიდან.

"რა ბავშვური თამაშია ეს, რომ დიდთან არ გაუვა და პატარასთან გაუვა? მაგრამ, ეს პატარა, სუვერენული, ამაყი, თვითმყოფადი საქართველო არავის დაუთმობს, რომ აქ ძველი ნეოკომუნისტური დირექტივებით გველაპარაკონ",- განაცხადა აბაშიძემ.

რას ამბობს პაპუაშვილი

"ვიდრე ევროკავშირის ელჩი პირადად არ დაგმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარ თავდასხმას, ამის შეხსენებას არ მოვეშვები - არ მოვეშვები, რადგან არდაგმობით ის ხვალინდელ ძალადობას ახალისებს და ყოველ შემდგომ ძალადობაში მისი პირადი პასუხისმგებლობაა!" - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ევროკავშირის ელჩი არ იტყვის, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს გმობს, ის არის ამ შტურმის მხარდამჭერი და შტურმში მონაწილეთა დამცველი.

„ევროკავშირის ელჩისთვის წერილობითაც მიმიმართავს, რომ ძალადობა დაეგმო და დღემდე არც ერთი ძალადობა არ დაუგმია. ერთადერთი, რასაც ის გადმოგვიგდებს, თითქოს საბავშვო ბაღში ვიყოთ, ზოგადი ნათქვამია: ევროკავშირი გმობს ძალადობას. სად გმობს? - ავსტრალიაში გმობს, ანტარქტიდაში თუ არქტიკაში გვჭირდება პირდაპირი პასუხი, გმობს თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს! ვიდრე ის ამ სიტყვებს არ იტყვის, ის არის ამ შტურმის მხარდამჭერი და ამ შტურმში მონაწილეთა დამცველი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×